|
  • EUR 1 = GEL 4.0355
  • USD 1 = GEL 3.3198
|

ზესტაფონში აღმაშენელის ქუჩის რეაბილიტაციის ვადები, შესაძლოა, გახანგრძლივდეს

 ზესტაფონში აღმაშენებლის ქუჩის სრული რეაბილიტაციის დასრულება სატენდერო ვალდებულების მიხედვით მაისში იგეგმება, თუმცა გაუთვალისწინებელი ტექნიკური ხარვეზის გამო პროექტი დროებით შეჩერებული იყო, რამაც შესაძლოა ვადების გახანგრძლივება გამოიწვიოს. 

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერთ - ერთ მონაკვეთზე, მიწისქვეშა გრუნტის წყალი ამოვიდა, ასევე გაჭედილი იყო რკინიგზის ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე სისტემა, რომელიც არ ატარებდა წყალს. უახლოეს დღეებში მოხდება მისი გაწმენდა სპეციალური ტექნიკით და ასევე მოეწყობა ახალი საკანალიზაციო ქსელი. აღნიშნულის გათვალისწინებით, პროექტში ცვლილებები შევიდა, რის გამოც დამატებითი სამუშაოები 22 იანვრიდან გაგრძელდება.

მიმდინარე პროცესებს ადგილზე გაეცნენ იმერეთის მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები.

ცნობისთვის, ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

პროექტი სრულიად განახლებული, ცენტრალური ქუჩის მოწყობას ითვალისწინებს, როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა კომუნიკაციების გათვალისწინებით.  დაიგება საავტომობილო გზის მონაკვეთი, დამონტაჟდება გარე განათებები, მოეწყობა ტროტუარები და ბორდიურები, მოწესრიგდება რკინიგზის მიმდებარედ არსებული კედლის ფასადი.

პროექტის ღირებულება დაახლოებით 6 მილიონი ლარია. სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სრულიად განახლდება ქალაქის ცენტრალური მაგისტრალის ინფრასტრუქტურა, რაც ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე მასშტაბური პროექტი იქნება ქალაქისთვის.

ავტორი: ნიუპრესი