|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2015 წელს რაჭა–ლეჩხუმში ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა თანხამ 6 მლნ–ს გადააჭარბა (R)

„რთველი - 2015“ რაჭა–ლეჩხუმში დასასრულს უახლოვდება, რომელმაც ექცესებისა და ხმაურის გარეშე ჩაიარა. სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის მეტი კომუნიკაციის მიზნით, „რთველი - 2015-ის“ საკოორდინაციო შტაბი ქალაქ ამბროლაურში გაიხსნა. რაჭა–ლეჩხუმში ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა და დარეგისტრირდა 20 ღვინის კომპანია.

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, სახელმწიფოს აქტიური ჩარევის გამო, მოსახლეობას წელს ყურძნის რეალიზაციის პრობლემა არ შექმნია. ამ დროის მონაცემებით, რაჭა–ლეჩხუმში არსებული ყურძნის ჯიშების საერთო რაოდენობა 1300 ტონას აღემატება, აქედან 1200 ტონამდე არის ალექსანდროული და მუჯურეთული, დანარჩენი  სხვა ჯიშის ყურძენი. „რთველი–2015“–ის მიმდინარე სამუშაოებსა და შედეგებზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი გვესაუბრება.

„რაჭის რეგიონში რთველი, ფაქტობრივად, დასრულდა. დაახლოებით 2–3 დღეში ბოლო მოსავალსაც ჩავაბარებთ. მინდა აღვნიშნო, რომ წელს ალექსანდროულისა და მუჯურეთულის რაოდენობა იყო უპრეცედენტოდ მაღალი და ჯამში, 1 300 ტონას გადააჭარბა. მოსავლიანობის მხრივ წელს კარგი წელი იყო. მაგრამ აქვე აღსანიშნავია ის ფაქტორიც, რომ მევენახე კარგად უვლის საკუთარ ვენახს. გლეხებმა ახალი ფართობების ათვისება დაიწყეს. მუშავდება მიწები და სავენახე ფართობების რაოდენობა იზრდება. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში წელს მოსავლის მხრივ ყველაზე წარმატებული წელი იყო,“–აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.

სამანიშვილის განცხადებით, ყურძნის ჩაბარება რაჭაში კოორდინირებულად ხდებოდა. რისთვისაც წინასწარ გამოიყო ადგილები, სადაც გლეხს ყურძნის ჩაბარების შესაძლებლობა ჰქონდა. იყო რიგები, თუმცა არა ქაოტური. იმისათვის, რომ არ მომხდარიყო მაღალხარისხიან ყურძენში დაბალხარისხიანი ყურძნის შერევა, მოსავლის ჩაბარება დღის განმავლობაში ხდებოდა. თუმცა, გიორგი სამანიშვილის გაცხადებით, წელს მაღალხარისხიანი ყურძნის რაოდენობა გაცილებით დიდი იყო. მოსავალი, რომელიც კერძო კომპანიებმა არ ჩაიბარეს, სახელმწიფომ შეიძინა.

მიმდინარე წელს რთველის პროცესში სახელმწიფოს ჩარევამ ფასის მატება უზრუნველყო. თუ მევენახის მოლოდინი  1კგ ყურძენზე 2–3 ლარს შეადგენდა,  წელს იმ ყურძნის ფასი, რომლის შაქრიანობაც 21 გრადუსზე ზემოთ იყო, 5 ლარით განისაზღვრა.

„სახელმწიფოს ჩარევამ უზრუნველყო ის, რომ ფასი მოლოდინზე 2 ლარით მაღალი დაფიქსირდა. მაღალხარისხიან ყურძენში კომპანიები 5 ლარს იხდიდნენ. ხოლო იმ ყურძნის ფასი, რომელშიც შაქრიანობა 21 გრადუსზე დაბალი იყო, 3 ლარი გახდა. მართალია, გასულ წელს ღირებულება 8 ლარს აღწევდა, მაგრამ მაშინ სხვა მოცემულობა იყო: ღვინო რუსულ ბაზარზე გაცილებით მეტი გადიოდა, რა ფასზეც აისახა. თუმცა ვთვლი, რომ წელს მისაღები ფასებია, რის გამოც კმაყოფილია მევენახეც და ჩამბარებელი კომპანიებიც. რაც შეეხება რეალიზაციას, ქართული ღვინის გატანა საექსპორტო ქვეყნებში მოხდება,“–აღნიშნავს სამანიშვილი.

როგორც აღვნიშნეთ, „რთველი–2015“ რაჭა–ლეჩხუმში რამდენიმე დღეში დასრულდება, თუმცა უკვე დათვლილია ის თანხა, რაც რეგიონის მოსახლეობამ ყურძნის რეალიზაციიდან მიიღო. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ყურძნის რეალიზაციიდან მიღებულმა თანხამ 6 მილიონ ლარს გადააჭარბა. სამანიშვილის ვარაუდით, დარჩენილი ჩასაბარებელი მოსავლის ღირებულება ნახევარ მილიონამდე იქნება და შესაძლოა, რეალიზებული ყურძნის საერთო მოცულობამ 7 მილიონ ლარს მიაღწიოს.

 

   

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა