|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა გეგმები აქვს „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგს“ ქუთაისის „ტორპედოსთან" დაკავშირებით

 "ტორპედოს" შეძენის მსურველი "ალიანს ჯგუფ ჰოლდინგის" პრეზიდენტი აიეტ კუკავა ქუთაისში იმყოფებოდა. მან კლუბის  გულშემატკივარს თავისი გეგმები გააცნო. ინფორმაციას "ჩვენ ვართ ტორპედო" ავრცელებს.

გვერდის ინფორმაციით, კლუბის შეძენის სურვილი ასევე აქვს დავით კერესელიძე. "ტორპედოს"  გულშემატკივრები მასაც ღია შეხვედრისაკენ მოუწოდებენ.  

 
"კუკავასთან ერთად შეხვედრაზე ყოფილი ფეხბურთელი და პარლამენტარი დავით ლორთქიფანიძე ახლდა. მათ თავისი გეგმები გაგვაცნეს ტორპედოსთან დაკავშირებით. გვითხრეს, რომ ტორპედოს შესაძენად ყველაფერს გააკეთებენ, ქართულ ფეხბურთში დიდ პოტენციალს ხედავენ და პირობა მოგვცეს, რომ კლუბი მათ ხელში ისევ წარმატებული იქნება,
მადლობას ვუხდით მათ, რომ ჩვენს განცხადებას მალევე გამოეხმაურნენ, ჩამოვიდნენ, შეგვხვდნენ... ამას ნამდვილად ვაფასებთ და იმედი გვაქვს, რომ ანალოგიურად მოიქცევა კლუბის შეძენის მეორე მსურველი დავით კერესელიძეც. ჩვენთვის საინტერესოა მისი გეგმებიც და გვსურს, მოვუსმინოთ.
იმ შემთხვევაში, თუ დავით კერესელიძე გამოთქვამს ჩვენთან შეხვედრის სურვილს, ის უნდა იყოს საჯარო, რომელსაც ტორპედოს ნებისმიერი გულშემატკივარი დაესწრება, ჩვენ დახურული შეხვედრის წინააღმდეგნი ვართ!"-წერია ტორპედოს გულშემატკივრების გვერდზე.  

 რაც შეეხება აიეტ კუკავას გაცხადებულ გეგმებს "ტორპედოსთან" დაკავშირებით,  ასეთია:

1) კლუბმა დაძლიოს მიმდინარე კრიზისი და 1-2 წელიწადში დაიბრუნოს საჩემპიონო ამბიციები;
2) უახლოესი 3-6 წლის განმავლობაში კლუბი აღმოსავლეთ ევროპის პირველ ათეულში შევიდეს;
3) რეგულარულად იმონაწილეოს ევროპულ საკლუბო ტურნირებში;
4) საქართველოს საფეხბურთო ინფრასტრუქტურაში მოიზიდოს ათეულობით მილიონი ინვესტიციები, რომ საქართველო გახდეს სპორტული ტურიზმის რეგიონალური ცენტრი.

კომპანიის განცხადებით, ტორპედოს პროექტში ჯამური ინვესტიციების მინიმალური მოცულობა უახლოესი 5 წლის განმავლობაში 20 მილიონი დოლარი იქნება.

ავტორი: ნიუპრესი