"ცხრა საათის მერე ქალაქში ტრანსპორტი პარალიზებულია"-გიორგი ჭიღვარია
"არ იფიქროთ, რომ მხოლოდ წინასაარჩევნოდ გავაქტიურდით, ჩვენ აქტიურები ვიქნებით ყოველთვის და ვიზრუნებთ თქვენი პრობლემების მოგავრებაზე"-მიმართა ქუთაისის მერობის კანდიდატმა უქიმერიონის მოსახლეობას.
გიორგი ჭიღვარიამ დღეს ამომრჩევლებს უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამირან კოპალეიშვილი წარუდგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ჭიღვარიას განცხადებით, მათი მთავარი პრიორიტეტები: ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, სოციალური საცხოვრისი და ტურიზმი იქნება. სახელისუფლებო გუნდის კანდიდატმა ქალაქში ტრანსპორტის სფეროში არსებულ პრობლემაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქალაქო ტრანსპორტის შეცვლას გეგმავენ, თუმცა კითხვაზე, ამან მგზავრობის ღირებულების გაზრდა გამოიწვიოს, განაცხადა, რომ მაქსიმალურად შეეცდება არსებული ტარიფის შენარჩუნებას.
"ცხრა საათის მერე ტრანსპორტი პარალიზებულია ქალაქში, არ იფიქროთ, რომ მხოლოდ წინასაარჩევნოდ გავაქტიურდით. ჩვენ შევეცდებით გადავხედოთ ხელშეკრულებებს, რომლებსაც 2019 წელს გაუვა ვადა და შევადგინოთ ახალი ხელშეკრულება, ისე რომ შევინარჩუნოთ არსებული ტარიფი და არ დავაზარალოთ სატრანსპორტო კომპანიები. ხელშეკრულებით, მათ 12 საათამდე ევალებათ მოძრაობა, თუმცა მხოლოდ 21:00 საათამდე მუშაობენ", -განაცხადა ჭიღვარიამ.
მერობის კანდიდატის თქმით, სოციალური საცხოვრისის პრობლემის მოგვარებას ეკონომიკის სამინისტროსათვის ქონების ქალაქისათვის გადმოცემის მოთხოვნით და ამ შენობების რეაბილიტაციით გზით გეგმავენ.
მოსახლეობის პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა ამირან კოპალეიშვილმა, რომელიც პოლიტიკაში სამშენებლო ბიზნესიდან მოდის.
"ჩემი მიზანი იქნება უწყვეტ რეჟიმში გვქონდეს შეხება უქიმერიონის ამომრჩეველთან, ვიცოდე მათი პრობლემები, მე ვიქნები მათი მთავარი ხმა საკრებულოში. ბიზნესში მიღებული გამოცდილება დამეხმარება ინფრასტრუქტრული პროექტების კონტროლზე, რაც ქალაქში უნდა განხორციელდეს. სწორედ აქ გამოვიყენებ ჩემს გამოცდილებას, რათა სწორად იყოს დაგეგმილი ამ თანხების განკარგვა", - განაცხადა ამირან კოპალეიშვილმა.
წარდგენას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატები გენადი მარგველაშვილი და დიმიტრი მხეიძე ესწრებოდნენ.
შეხვედრა შპს "გაბაშვილის ბაღში" გაიმართა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















