|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ემიგრანტები დახმარებას ითხოვენ

 საბერძნეთში მცხოვრები ქართველების პრობლემებთან დაკავშირებით „ნიუპრესს“ ქართველი ემიგრანტი, გიორგი დიდიძე დაუკავშირდა, რომელიც დახმარებას ქვეყნის ხელისუფლებას თხოვს: „მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას. 250 ათასი ქართველი ემიგრანტი ვცხოვრობთ საბერძნეთში. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, საელჩომ მეტი ყურადღება უნდა მოგვაქციოს. ვართ აბსოლუტურად დაუცველები, ჩვენ არ გვაქვს ქვეყანაში  ყოფნის და გადაადგილების საშუალება. გვდევნის პოლიცია, აკავებენ ქართველებს და საშინელ პირობებში უწევთ ყოფნა. აქ ქართველ ადვოკატთა ასოციაცია მუშაობს, მომსახურებისათვის ითხოვენ კოლოსალურ თანხებს, საბოლოოდ კი, იტყუებიან - გაჭირვებულ ადამიანებს სძალავენ თანხებს, შემდეგ უთიშავენ ტელეფონს და პროცესზე არ ცხადდებიან“,-აცხადებს დიდიძე.  ის  კრიმინალურ მდგომარეობაზეც საუბრობს, რის გამოც ქართველების მდგომარეობა საბერძნეთში დღითი დღე უარესდება: „დანაშაულს ჩადიან ქალებიც და კაცებიც, აწამებენ, კლავენ, ძარცვავენ. ამ ამბებს ყოველ კვირაში გადმოსცემენ საინფორმაციო საშუალებები. მე პედაგოგი ვარ, საქართველოში მივატოვე სკოლა და ბავშვები და აქ ერთ-ერთ ოჯახში ვმუშაობ. დღეს დამირეკა ჩემმა დამსაქმებელმა და მითხრა, „მთელი სანათესავო მირეკავს და მეუბნება, ქართველი რომ გყავს სახლში, გაუშვიო. იანვარში დაამთავრებ აქ მუშაობასო“.  დასაქმების სააგენტოშიც გვეუბნებიან, ქართველის გარდა ყველას ავიყვანთ სამუშაოდო.  რა თქმა უნდა, არც სამედიცინო დაზღვევა გვაქვს და ისე კვდებიან ქართველები, ექიმთან ვერ მიდიან. როგორც იცით, აქ სამედიცინო მომსახურება  ძალიან ძვირია. მაგალითად, მარტო კბილის დაბჟენვა 350 ევროა, როცა დასაქმებულის ხელფასი სულ 500 ევროა".

 დიდიძის თქმით, გაუძვირდათ თანხის გადმოგზავნაც: „ბანკები, რომ დაიხურა, თანხებს ე.წ. გრაფიოები აგზავნიდნენ. ყოველ 100 ევროზე 5 ევროს ახდევინებდნენ.  ბანკებმაც გაზარდეს მომსახურების თანხა, თუ ადრე გადმოგზავნისას  100 ევროდან 1,5 % იტოვებდნენ ბანკები, ახლა ეს მომსახურება 4,2%-მდე გაძვირდა“. ქართველი ემიგრანტის თქმით, ჩამოთვლილ პრობლემებზე საქართველოს საელჩოს არანაირი რეაგირება არ აქვს: „ამ ყველაფერზე  საქართველოს საელჩოს რეაგირება არ აქვს. საელჩოს  არც ერთ კითხვაზე არ აქვს პასუხი. ისეთი არაპროფესიონალები ჰყავთ დასაქმებული, განცხადებას ვერ წერენ“,- აცხადებს დიდიძე. ის ქართველი ემიგრანტების სახელით რეაგირებას ქვეყნის ხელისუფლებისაგან ითხოვს.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა