სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის წესები იცვლება
„თავდაცვის კოდექსსა“ და „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის.
პროექტის თანახმად, საზღვარგარეთ დროებით წასული წვევამდელი ვალდებული იქნება, ჯარში გაწვევის შეტყობინების მიღებისთანავე საქართველოში დაბრუნდეს და გაწვევის კომისიაში გამოცხადდეს. ამას გარდა, ჩაბარებულად ჩაითვლება უწყება, რომელიც გაწვევაზე პასუხისმგებელი ორგანოს საიტზე გამოქვეყნდება.
დაანონსებული ცვლილებით, წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზნით, შეტყობინების/უწყების ჩაუბარებლობა წვევამდელს პასუხისმგებლობისგან ვეღარ გაათავისუფლებს.
ასეთ შემთხვევაში, ეს შეტყობინება/უწყება ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევაზე უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება, არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა. გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს კი უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება.
„ამ შემთხვევაში, პირი ვალდებული იქნება შეტყობინების/უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, გამოცხადდეს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის/წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევაზე უფლებამოსილ ორგანოში“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ამას გარდა, განისაზღვრება ის ოჯახის წევრები, რომლებისთვისაც უწყების ჩაბარება შესაძლებელი იქნება. ამას დაარეგულირებს მთავრობის დადგენილება, რომელიც კანონის მიღების შემდგომ შემუშავდება და გამოქვეყნდება.
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტში შევა ტექნიკური ცვლილება და სიტყვები „სათანადო შეტყობინების მიღებისთანავე“ შეიცვლება სიტყვებით: „სათანადო შეტყობინების/უწყების ჩაბარებისთანავე“.
სწორედ ეს ჩანაწერი დაავალდებულებს ქვეყნიდან გასულ ჯარში გაწვევის ასაკის მქონე პირებს, ჩამოვიდნენ საქართველოში.
ავტორი:


13:08
11:18
11:17
11:11
19:33
















