|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ფოკუსებით“ , თუ საქმით შესრულებული ქუთაისის ბიუჯეტი?

    კითხვაზე– ემუქრება თუ არა ქუთაისის 2015 წლის ბიუჯეტის შესრულებას პრობლემები? მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი დამაიმედებელ პასუხს იძლევა. ირაკლი ავალიანის განცხადებით,  რვა თვის მონაცემებით, შეიძლება ითქვას, რომ  ბიუჯეტი წარმატებით სრულდება.

ხელისუფლების წარმომადგენელთა ოპტიმიზმს ეჭვის თვლით უყურებენ საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატები.  მათ განცხადებას  თუ დავეყრდნობით, ბიუჯეტს, როგორც შესრულების,  ასევე ხარჯვით ნაწილში პრობლემები ექნება.

  უფრო მეტიც,  საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატი  ბესო ბრეგაძე თვლის, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას მსგავსი „ფოკუსებით ქალაქის მართვა“ გაუჭირდება. მისი თქმით,  მერია ფორმალობას დაცვასაც აღარ დაგიდევს და ბიუჯეტის ექვსთვიანი შესრულების  დოკუმენტი საკრებულოსთვის არ კი წარუდგენია.

„ბიუჯეტის რა შესრულებაზეა საუბარი, როდესაც როგორც შესრულების, ასევე ხარჯვის ნაწილში პრობლემებია. აღმასრულებელი ხელისუფლება ფორმალობასაც აღარ ასრულებს. ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანგარიში არ შემოუტანიათ საკრებულოზე.  თუ თვითონ არ დავინტერესდით და არ მოვიკითხეთ, ისინი  არ თვლიან თავს ვალდებულად, ბიუჯეტის შესრულების შედეგები წარმოგვიდგინონ. მათი ვალდებულება მხოლოდ ბიუჯეტის დამტკიცებით შემოიფარგება და მეტ პასუხისმგებლობას აღარ გრძნობენ“ ,– ამბობს ბესო ბრეგაძე.

საკრებულოს დეპუტატის განმარტებით, შემოსავლით ნაწილში სერიოზული პრობლემებია. მათ შორის ყველაზე პრობლემატური პარკირების მოსაკრებელია:  „მათი გადაწყვეტილებით, წელს ბიუჯეტმა  700 000 ლარი იზარალა. არ დაგვიჯერეს და ლოტებად არ გაიტანეს აუქციონზე. ამბობდნენ, რომ საწყისი თანხა ნორმალური იყო და ინვესტორიც არსებობდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე არ ყოფილა. ბიუჯეტში ერთი ლარიც  არ შესულა, არადა პარკირების მოსაკრებელი ქალაქის საკუთარი შემოსავლის დაახლოებით 10–15 პროცენტია. ახლა კი შპს შექმნეს, რომელიც წელს მნიშვნელოვან  შედეგს ვერ მოგვცემს, რადგან თითქმის წელი სრულდება.  გაზარდეს ტრანსპორტის მოსაკრებელი, რეალურად კი, ყველა ხაზზე იგივე კომპანია დარჩა. მოსაკრებელი  მძიმე ტვირთად მძღოლებს დააწვათ.  ამასთან ერთად, GPS  სისტემის დასამონტაჟებლად 220 000 ლარს ხარჯავენ, რაც ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვაა, რადგან ეს ხაზის მფლობელის მოვალეობაა და არა მერიის. პრობლემებია სათამაშო ბიზნესის და დასუფავების სფეროში, სადაც ააიპი შექმნეს, რომელიც საერთოდ აღარ კონტროლდება მერიისგან და ყველა თანხას თვითონ განკარგავს. ბიუჯეტის შესრულებაზე რომ საუბრობენ,  პროცენტებით მანიპულირებენ მხოლოდ“,–აცხადებს ბესო ბრეგაძე.  ის  პრობლემებს ხედავს  ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილშიც.

„პრობლემებია ხარჯვით ნაწილშიც. შესრულება  კარგ ხარჯვაზეა დამოკიდებული. ჩვენ ბიუჯეტის დამტკიცებამდე ვამბობდით, რომ პრობლემები შეიქმნებოდა, რჩევებს და რეკომენდაციებსაც ვაძლევდით, მაგრამ არ დაგვიჯერეს. ვერ მოესწრება ინფრაქტრუქტურული სამუშაოების შესრულება. ავიღოთ გელათის ქუჩა, სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა, სამაგიეროდ, დასრულდა ტურისტული სეზონი, რითაც ბიუჯეტში თანხა უნდა შესულიყო.  ყველა სამუშაო არასწორად სრულდება, რაც ადგილობრივების უკმაყოფილებას იწვევს“.

 დეპუტატის თქმით, პრობლემებია პრივატიზაციის კუთხითაც:  „ჩვენ გვახსოვს, რომ საპრივატიზაციო ნუსხის შედგენის უფლება საკრებულოს გვედრის ავლით მიეცა მერს. ის ადგენს ამ სიას. იმის მიუხედავად, რომ ეს პროცესების გამარტივებით ახსნეს, სამწუხაროდ,  შედეგი არსად ჩანს. პრივატიზების გეგმის –   2 800 000 ლარის ამოღება,  შესაძლოა, შესრულდეს, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ ქონების გაყიდვიდან შემოსული, რასაც გადაანაწილებენ მიწის შემოსავალში. დღეს არ არსებობს პრივატიზების შესრულების სტრატეგიაა, მხოლოდ საპრივატიზაციო ობიექტების სია გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ მერი  მივლინებებში დადის, ქალაქში შემოსული ინვესტორი არავის უნახავს“,–აცხადებს ბრეგაძე.

საკრებულოს „ნაციონალ“ დეპუტატს ინფორმაციის სიზუსტეს უწუნებს ქალაქის ვიცე–მერი კონსტანტინე ქავთარაძე. მისი განცხადებით, ბიუჯეტის შესრულების ექვსთვიანი ანგარიში საკრებულოს წარუდგინეს, თანაც წარმატებით.

 როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბიუჯეტის შესრულებაში პრობლემებს არ ელოდება  მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი ირაკლი ავალიანი. მან აღნიშნა, რომ 47 მილიონიანი ბიუჯეტი ცვლილებების შედეგად 70 მილიონამდე გაზარდა. მისივე განმარტებით,  წლის ბოლომდე ბიუჯეტი როგორც  ხარჯვით,  ასევე შემოსავლით ნაწილში წარმატებით შესრულდება.

 „რეგიონული განვითარების ფონდიდან ქუთაისში განსახორციელებელი პროექტებისთვის გამოყოფილი თანხის სრული ათვისება ხდება. დაგეგმილის მიხედვით, შემოდის საკუთარი შემოსავლები. ამ დროისათვის დაახლოებით  ბიუჯეტის  50% შესრულებულია.  ის  დარჩენილი 50 %–იც შესრულდება. რაც შეეხება ტენდერებს, იმდენი ტენდერი გამოცხადდა, რამდენიც შესყიდვებშიც იყო გათვალისწინებული. ამიტომ არ უნდა ვიწინასწარმეტყველოთ, რომ მთავარ ფინანსურ დოკუმენტს შესრულების პრობლემა ექნება. წინა წელს თუ შევადარებთ, ამ დროის მონაცემებით, თანაბრად მივდივართ. აღსანიშნავია, რომ წელს ბიუჯეტში მხოლოდ 4 ცვლილება შევიდა. წინა წლებში ბიუჯეტი დაახლოებით 28 ცვლილებას განიცდიდა. ის ხალხი ვინც ამბობდა, რომ ბიუჯეტში ბევრი ცვლილება ცუდად დაგეგმილი ბიუჯეტის ბრალი იყო, ახლა საპირისპიროს აღარ ამბობენ“,–აცხადებს ირაკლი ავალიანი.

საპრივატიზაციო ობიექტებიდან ბიუჯეტში 2 800 000 ლარს ელოდებიან, თუმცა როგორც კონსტანტინე ქავთარაძე, ივნისის ბოლოს აცხადებდა, ექვსი თვის მონაცემებით ბიუჯეტი მხოლოდ 800 000 ლარით შეივსო.

დარჩება თუ არა 2015 წლის ბიუჯეტში თანხა, რომელსაც მსგავსად მიმდინარე წლისა, აღმასრულებელი ხელისუფლება ნაშთის სახით 2016 წელს გამოიყენებს? „ნაციონალი“ დეპუტატი აცხადებს, რომ მერიას პრობლემა ამ მხრივაც შეექმნება.

„მსგავსად გასული წლისა, დარჩება ნაშთი. ძველი ნაშთი ნელ–ნელა  გამოაჩინეს. დაახლოებით 300 000 ლარი დარჩა. რას მოიფიქრებენ და წლის ბოლომდე რა სიურპრიზს შემოგვთავაზებენ  ამ თანხის გასახარჯად, ნამდვილად არ ვიცი. შემდეგ წლებშიც ასე მოხდება.  როდემდე  აპირებენ ამ ფოკუსებით ასრულონ ბიუჯეტი და რამდენ ხანს შეძლებენ ქალაქის სიცოცხლისუნარიანობის გადარჩენას, ჩემთვისაც უცნობია“–აცხადებს ბრეგაძე.

წლის ბოლომდე ოთხი თვეა დარჩენილი, სწორედ ამ დროს გამოჩნდება,  გაამართლა მთავარმა ფინანსურმა დოკუმენტმა ხელისუფლების მოლოდინი, თუ არა. რაც შეეხება მომავალ წელს, ქალაქი გაზრდილ ბიუჯეტს ელოდება.  უცნობია ზუსტი თანხა, თუმცა ცნობილია, რომ ბიუჯეტის დაგეგმვისას  პრიორიტეტული კვლავ ინფრასტრუქტურული და სოციალური საკითხები იქნება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 38.1%
გაუარესდა - 45.24%
არ შეცვლილა - 16.67%
სულ - 42 ხმა