|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით სოციალურად დაუცველი და სხვა მოწყვლადი კატეგორიის ბენეფიციარები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით უფასოდ ისარგებლებენ

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, ადმინისტრაციის ბალანსზე არსებული 18 ერთეული, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ადგილობრივ თვითმმართველობებს საკუთრებაში გადაეცათ - ამ ეტაპზე, მარნეულის მუნიციპალიტეტმა - 5, გარდაბანმა - 4, დმანისმა - 3, ბოლნისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებმა კი 2 - 2 ტრაქტორი მიიღეს.

სიახლით სარგებლობას სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები უფასოდ შეძლებენ - პროცესი მუნიციპალიტეტის სპეციფიკისა და სპეციალურად გაწერილი პროგრამის გათვალისწინებით განხორციელდება. დასაქმების მსურველთა ხელშეწყობის მიზნით, მოხდება შესაბამისი სტატუსის მქონე პირთა გადამზადებაც.

„ქვემო ქართლის რეგიონში, მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად, შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა - პროგრამის მიხედვით, 18 ერთეული ტრაქტორი, რომელიც მუნიციპალიტეტებს დროებით სარგებლობაში ქონდათ, დღეიდან საკუთრებაში გადავეცით. ასევე დღეიდან, ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი და მოწყვლადი ჯგუფი, მიწის დამუშავებისთვის საჭირო მომსახურებას განცხადების დარეგისტრირებისთანავე მიიღებს და ამ პროცესს ადგილობრივი თვითმმართველობები უზრუნველყოფენ. მოსახლეობისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ოჯახებს შესაბამისი სახსრები არ გააჩნდათ და მიწები  დაუმუშავებელი იყო - ეს პრობლემა დღეს უკვე გადაჭრილია.

მადლობა მინდა გადავუხადო მუნიციპალიტეტების მერებს,  რადგან უშუალოდ მათი ჩართულობით მოხდა ამ პროგრამის შემუშავება - ყველა მათგანი მოწოდების სიმაღლეზეა რათა ეს სამუშაოები არ შეფერხდეს - 18 ერთეული ტრაქტორი სახნავ-სათეს მიწებზე აქტიურ ფაზაში მუშაობას დღეიდან დაიწყებს.“ - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, 18 ერთეული ტრაქტორი, შესაბამისი, სპეციალური აღჭურვილობით, 2016 წელს, კომპანია „სოკარმა“ გადასცა - აღნიშნული ტექნიკით სარგებლობას რეგიონის მუნიციპალიტეტები მხოლოდ თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე ახდენდნენ.

ავტორი: ნიუპრესი