იმერეთის გუბერნატორის პოსტზე კანდიდატების შერჩევა მიმდინარეობს
იმერეთის გუბერნატორის პოსტი ვაკანტურია. ვინ დაიკავებს გუბერნატორის სავარძელს ჯერჯერობით არ იციან მთავრობის კანცელარიაში. პრემიერ-მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი განმარტავს, რომ გუბერნატორის კანდიდატურას მთავრობის მეთაურს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მინისტრი წარუდგენენ. მისივე განმარტებით, ამ დროისთვის კანდიდატურა წარდგენილი არ არის.
გუბერნატორის კანდიდატის შერჩევის ვალდებულების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური. მისი წარმომადგენლის განმარტებით, არ აქვთ ინფორმაცია, თუ კანდიდატურის წარდგენა მათი სამინისტროს პრეროგატივაა.
იმერეთის გუბერნატორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გივი ჭიჭინაძემ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. ამ დრომდე მოვალეობას მისი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი ასრულებს. ერთ-ერთ კანდიდატად სწორედ დალაქიშვილი განიხილება. ასევე მოიაზრება განათლების მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია, რომელსაც ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა უჭირავს და საქმიანი კავშირი აქვს იმერეთის რეგიონთან.
გუბერნატორის პოსტზე ასევე სავარაუდო კანდიდატად დასახელდა ბაღდათის მერი არჩილ გოგსაძე, თუმცა ინფორმაცია არ დასტურდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















