„მე მჯერა, რომ 100 წლის წინ დადებულ ფიცს, წელს ბოლომდე აღვასრულებთ"
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს თითეული მოქალაქე ქმნის ისტორიას. მისივე თქმით, ყოველ ჩვენგანს გვაკისრია მისია, რომ 100 წლის წინ ჩაყრილ საძირკველს, დავაშენოთ კეთილდღეობასა და სულიერ ძლიერებაზე დამყარებული ქართული სახელმწიფო- ამის შესახებ პრემიერმა თბილისში თავისუფლების მოედანზე, ფიცის დადების ცერემონიალზე განაცხადა.
„მე მჯერა, რომ 100 წლის წინ დადებულ ფიცს, წელს ბოლომდე აღვასრულებთ და საქართველო დამკვიდრდება როგორც ძლიერი და შეუქცევადი დემოკრატიის სახელმწიფო. ღმერთი ფარავდეს საქართველოს“, - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, 1918 წლის 26 მაისი თანაბრად ეკუთვნის საქართველოს წარსულს, აწმყოსა და მომავალს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, პირველი რესპუბლიკის გამოცდილება ჩვენი დასავლური იდენტობის დამადასტურებელი კიდევ ერთი ძლიერი არგუმენტია.
„ჩვენ 100 წლის წინ შევქმენით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, თუმცა სულ რაღაც 3 წელიწადში წითელი არმია შემოიჭრა და საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თავისუფლება 70 წლით გადაიდო. თუმცა პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლების, ჩვენი ერის კაცების სულისკვეთებას უკვალოდ არ ჩაუვლია. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არასდროს გვიღალატია თავისუფლების იდეისთვის, რომელიც თაობიდან თაობაში გადადიოდა და 27 წლის წინ, კვლავ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დაგვირგვინდა. პირველი რესპუბლიკის გამოცდილება ჩვენი დასავლური იდენტობის დამადასტურებელი კიდევ ერთი ძლიერი არგუმენტია. ის რომ, საქართველო ასე მყარად დგას ევროპასთან და ნატო-სთან ინტეგრაციის გზაზე, სწორედ იქედან იღებს სათავეს. დღეს საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსოფლიოში მშვიდობისთვის ბრძოლაში. სამშვიდობო მისიების მონაწილე ქართველმა მეომრებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, საქართველო საიმედო და ერთგული პარტნიორის სახელი განამტკიცეს მთელ მსოფლიოში. მინდა მათ მადლობა გადავუხადო და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება ვუსურვო“, - განაცხადა პრემიერმა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















