"მხოლოდ გადადგომა არ არის საკმარისი, უნდა პასუხი აგონ დამნაშავეებმა"
მხოლოდ გადადგომა არ არის საკმარისი, უნდა პასუხი აგონ იმ ადამიანებმა, ვინც ასე გამოიძია ეს საქმე, - განაცხადა ქუთაისში შვილმკვდარმა დედამ ზაზა სალარიძის მხარდამჭერ აქციაზე.
მდუმარე აქცია "ნუ მომკლავ" ქუთაისში მესხიშვილის თეატრის წინ იმართება. სოლიდარობის მიზნით ქუთაისში უამრავი ადამიანი შეიკრიბა, მათი რაოდენობა კვლავ იმატებს. აქ არიან საზოგადოების ცნობილი სახეები, ახალგაზრდები, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები.
აქციის მოთხოვნა ერთია - დაისაჯონ მკვლელები და დამნაშავეების მფარველები.
"სოლიდარობას ვუცხადებ ზაზა სალარიძეს, მსგავს მდგომარეობაში ვიყავი მეც, 2017 წელს თებერვალში მომიკლეს შვილი, ვაგზლის მოედანზე ყელი გამოჭრეს, ცინიკურად შეთითხნეს ჩემი შვილის საქმე, ასე ვყვიროდი მეც, რომ დამნაშავეები დაესაჯათ. ამიტომ ვარ აქ და ვიყავი თბილისშიც იმ დიდ აქციაზე. დღეს მის გვერდით უამრავი ადამიანია, " -განაცხადა ლარისა ძოძუაშვილმა. მისი თქმით, მხოლოდ მთავარი პროკურორის გადადგომა საკმარისი არ არის და პასუხი დამნაშავეებმა უნდა აგონ.
"აქ იმიტომ ვართ, რომ ვებრძვით უსამართლობას, თუ მკვლელი არ არის, გამოდის რომ არც დათო სალარიძე მოუკლავთ. ასე ნუ გვეთამაშებიან, ჩვენ ყველაფერს ვხედავთ. ზაზა სალარიძე მარტო ერთი ადამიანის მამა არ არის და ის დღეს მთელი საქართველოს სახეა და მე აუცილებლად დავდგები მის გვერდით", -განაცხადა საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ანანო შალამბერიძემ.
ქუთაისში ზაზა სალარიძის მხარდამჭერი აქცია თბილისში მიმდინარე აქციის პარალელურად იმართება. აქციის მონაწილეების მოთხოვნით მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა, თუმცა ამით აქცია არ დასრულებულა.
ქუთაისში აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტისაკენ გადაადგილებას გეგმავენ.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















