"ვგეგმავ არა კაბინეტში ჯდომას, არამედ მოსახლეობასთან შეხვედრებს"
ქუთაისის მერის მესამე მოადგილედ გიორგი იობაშვილი დაინიშნა. იობაშვილი კურატორობას გაუწევს მერიის საბინაო სამსახურს, ააიპ ბაგა-ბაღებს, ააიპ სპორტულ და კულტურულ სახელოვნებო გაერთიანებებს. მესამე ვიცე-მერი სამომავლო გეგმების შესახებ "ნიუპრესს" ესაუბრა. მისი თქმით, ის მზად არის მხარში დაუდგეს ქალაქს და თანაქალაქელებს.
"მზად ვარ ვემსახურო ქუთაისს და ქუთაისელებს. ვგეგმავ არა კაბინეტში ჯდომას და აქედან ხელმძღვანელობას, არამედ მოსახლეობასთან შეხვედრებს და მათი პრობლემების მოსმენას. მოქალაქეების ყოველდღიურ რეჟიმში დახმარებას, რითაც კი შეგვიძლია. რაც შეეხება ვიცე-მერების მუშაობას, მათ საქმიანობას საზოგადოება უკეთ შეაფასებს. ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი ქუთაისის კეთილდღეობაა. ახალი გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქალაქი და არ უნდა დავაგდოთ ტემპი ქალაქის განსავითარებლად. ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა და სრულიად ვგრძნობ და ვიზიარებ ამას",-განაცხადა იობაშვილმა.
შეგახსენებთ, იობაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც გრიგოლ დალაქიშვილი იმერეთის გუბერნატორის პირველ მოადგილედ გადავიდა. წარსულში გიორგი იობაშვილი საბინაო სამსახურში მუშაობდა. ის ასევე, "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის პოსტს იკავებს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















