|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნამახვანჰესის მშენებლობის პროექტი შეჩერებულია და არა შეწყვეტილი"

  "ნამახვანჰესის მშენებლობის პროექტი შეჩერებულია და არა შეწყვეტილი" , - აცხადებენ "ქლინ ენერჯი გრუპში".  კომპანია, რომელიც  მდინარე რიონზე, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ნამახვან ჰესების კასკადის პროექტის განხორციელებას გეგმავს, პროექტის შეჩერებას არ ადასტურებს.  მოსახლეობა გაურკვეველ მდგომარეობაშია, გარემოს დამცველები კი პროექტის საერთოდ გაჩერებას ითხოვენ.

  წყალტუბოს სოფლების მცხოვრებლების თქმით, კომპანიამ შეწყვიტა ყველა პროექტი, რომელსაც ადგილზე ახორციელებდა. როგორც აღნიშნავენ, მათ მათ განუცხადეს, რომ პროექტის გაგრძელება მთავრობის ქმედებებზეა დამოკიდებული. 

 პროექტის შეჩერებას ადასტურებენ ინვესტორ კომპანიაში, თუმცა ვერ აკონკრეტებენ, თუ რამდენი ხნით შეჩერდა პროექტი. 

"პროექტი შეჩერებულია და არა შეწყვეტილი, მთავრობასთან ჩვენ გასაფორმებელი გვქონდა მემორანდუმი, რაც იქნებოდა საფუძველი იმისა, რომ მშენებლობა დაგვეწყო.  ჯერჯერობით მოლაპარაკების პროცესი გაჭიანურდა, რაც გარკვეულწილად სამთავრობო ცვლილებებსაც უკავშირდება. გაზრდილი ხარჯებიდან გამომდინარე, რაც უკავშირდება კვლევებს და სხვადასხვა პროექტებს, კომპანიამ გადაწყვიტა,  ჯერ გაფორმდეს ხელშეკრულება და სამართლებრივი დოკუმენტის მიღების შემდეგ გავაგრძელოთ მუშაობა. მას შემდეგ,  რაც დოკუმენტი გვექნება, სამუშაოები განახლდება", - განუცხადა "ნიუპრესს" "ქლინ ენერჯი გრუპის" მთავრობასთან ურთიერთობის დირექტორმა ელენე  ღუბიანურმა

მიი თქმით, კომპანია  მიმდებარე სოფლებში 2 წლის განმავლობაში  სხვადასხვა პროექტს ახორციელებდა,  იმედოვნებენ ნებართვას დროულად მიიღებენ და ყველა პროექტს განაახლებენ.  

გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტი, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე მიიჩნევს, რომ პროექტი საერთოდ უნდა გაჩერდეს.  მისი თქმით, საფრთხე ემუქრება ქუთაისს.

"კარგად მესმის, რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ თვითონ, მათ ქონდათ იმედი, რომ სკრინინგის შემდეგ მიიღებდნენ ჰესის მშენებლობის ნებართვას, რაც ასე არ მოხდა.  უთხრეს, რომ თავიდან უნდა მოხდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რაც დაკავშირებულია სერიოზულ კვლევასთან.  ჩემი აზრით, პროექტი შეჩერდეს კი არა,  საერთოდ, უნდა გაჩერდეს.  არაერთხელ გაჩერებულა ეს პროექტი საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ,  რომ ეს ტერიტორია საკმაოდ დიდი რისკის შემცველია.  რეალურია მეწყერების საშიშროება, ასევე პრობლემატურია ის,  რომ რისკი იმდებად მაღალია, ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქუთაისს. საათნახევარში უნდა მოხდეს ქუთაისის ევაკუაცია, რაც საკმაოდ რთული იქნება.  ასევე მნიშვნელოვანია ტვიშის ვენახები, რომლის ეკონომიური სარგებელი უფრო მაღალია ადგილობრივებისათვის.  ასევე არ ვიცით,  როგორ მოიქცევა დაგუბებული წყალი, შეიძლება "პრომეთე" და სხვა კასტრული მღვიმეები დაიტბოროს... და ბოლოს, ეს არის სეისმური მდგომარეობა. იმედი გვაქვს, მთავრობა იტყვის, რომ ამ ჰესს არ ვაშენებთ. თუ ნორმალური ინვესტორია, ის თვითონ უნდა მიხვდეს, რომ ასეთ ადგილზე ჰესის აშენება პრობლემატურია. რაც შეეხება ამ კომპანიას, ის იყო "შუახევჰესის" ავტორი და მენეჯერი, ეს ჰესი გაჩერებულია და ზარალი მილიონობითაა...  მითხარით, როგორ უნდა ვენდოთ ასეთ კომპანიას?", - განაცხადა ნინო ჩხობაძემ "ნიუპრესთან" საუბარში.  

  პროექტის საინვესტიციო ღირებულება 800 მილიონი ლარის აჭარბებს.  ჯერ კიდევ 2018 წლის 23 აგვისტოში გაკეთებულ  განცხადებაში  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ჰესის საჭიროების და მნიშვნელოვბის შესახებ მიუთითებდა.

"ჩვენ გვჭირდება ახალი ენერგეტიკული გენერაციის ობიექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს უწყვეტ ენერგომომარაგებას და განაპირობებენ ქვეყნის  შემდგომ ეკონომიკურ წინსვლას. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობა განიხილავს ათობით მსხვილი და მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საკითხს, რისთვისაც მოზიდულ უნდა იქნას საერთაშორისო ინვესტიციები. ნამახვანის ჰესების კასკადი ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საკითხის დარეგულირების კუთხით. ყველა პროექტი, მათ შორის, ნამახვანიც განხორციელდება ისე, რომ პასუხობდეს საერთაშორისო სტანდარტებს, როგორც გარემოზე ზემოქმედების, ასევე ენერგორესურსების ეფექტურად ათვისების მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში.  

შეგახსენებთ, ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ არაერთი აქცია გამართეს  მდინარე რიონის ხეობის მცხოვრებლებმა.  აგვისტოს დასაწყისში ადგილობრივებმა  ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში აქციით ტვიშიჰესისა და ნამახვანჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. ადგილობრივები ირწმუნებოდნენ, რომ პროექტები გარემოზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლის გარეშე დაიგეგმა და  მისი განხორციელების შემთხვევაში, სოფლებში მიკროკლიმატი შეიცვლება. ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგება წყალტუბოს სოფლების მცხოვრებთა ერთი ნაწილი, თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც - ადგილობრივების ერთი ნაწილი სამუშაოებზე დასაქმებას და მიღებული კომპესაციის შედეგად თავიანთი პირობების გაუმჯობესებას გეგმავდა. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა