"ნანა კოსტავას ყავს თანამოაზრეები, რომლებმაც საკრებულოს დატოვების გადაწყვეტილება შეაცვლევინეს"
"ნაკლები ნანა საკრებულოში", "ნანა, წადი!", "ნანა კოსტავა საკრებულოს სირცხვილია"-ამ მოწოდებით ქუთაისის თვითმმართველობის წინ მორიგი აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ნანა კოსტავა მზად იყო საკრებულო დაეტოვებინა, თუმცა მას საკრებულოში ყავს თანამოაზრეები, რომლებმაც გადაწყვეტილება შეაცვლევინეს.
"ჩვენ ვითხოვთ, მან დატოვოს საკრებულოს შემადგენლობა, გაიმართოს საკრებულოს სხდომა და დააფიქსირონ პოზიცია. ის აპირებდა საკრებულოს დატოვებას, თუმცა ჩანს, რომ გადააფიქრებინეს, რა ძალებმა შეაცვლევინეს მას გადაწყვეტილება, ეს გასარკვევია. მისი მტკიცება, რომ ამომრჩეველმა შეაცვლევინა პოზიცია, არადამაჯერებელია", - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა გიზო ბანძელაძემ.
"პოსტერუმ ქუთაისი" ვუერთდებით აქციას და ვითხოვთ ნანა კოსტავამ დატოვოს ქუთაისის საკრებულო. ეს ადამიანი, როგორც საკრებულოს ასევე ქუთაისის პრესტიჟს უქმნის საფრხეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ადამიანი, რომელიც სიძულვილის ენით მოუწოდებს საზოგადოებას, მისი ადგილი საკრებულოში არ არის", -განაცხადა აქციის მონაწილემ ზურაბ კოსტავამ.
ჟურნალისტ ხვიჩა ვაშაყმაძის თქმით, კოსტავასთვის უკეთესი იქნებოდა, თავად დაეტოვებინა საკრებულო, ამით შედარებით უკეთ დაამახსოვრებდა თავს საზოგადოებას.
აქციას საკრებულოს მხრიდან არავინ გამოხმიანებია. აქციის მონაწილეები რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის მოთხოვით საკრებულოს წერილით ხვალ მიმართავენ.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















