ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირია დაკავებული - შსს
ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ იმერეთისა და აჭარის რეგიონებში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით 600-ზე მეტ ლოკაციაზე, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განათავსა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო 72 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირია დაკავებული.
„აღკვეთილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების მცდელობის მორიგი მასშტაბური ფაქტი და დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმერეთისა და აჭარის რეგიონებში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით 600-ზე მეტ ლოკაციაზე, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განათავსა. ბრალდებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილია კონკრეტული ადგილების ფოტოსურათები, შესაბამისი აღმნიშვნელებითა და ადგილმდებარეობით.სამართალდამცავებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „კოკაინი“, „ჰეროინი“, ,,მეთადონი", „ალფა-პვპ“, ,,მდმა", „ბუპრენორფინი“ და „კლეფედრონი“.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე, 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცავების მიერ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგების შესახებ, მოსახლეობას პერიოდულად ვაწვდით ინფორმაციას. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აღკვეთილია ნარკოტიკების გასაღების, გასაღების მცდელობისა და ქვეყანაში ნარკოტიკების შემოტანის ასეულობით ფაქტი. აღნიშნული მიმართულებით სამართალდამცავები უკომპრომისო ბრძოლას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ და დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირები, მართლმსაჯულების წინაშე პასუხს კანონის სრული სიმკაცრით აგებენ“, - განაცხადა დარახველიძემ.
ავტორი:


22:02
17:22
16:31
















