|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში „ბარაკებში“ მცხოვრებ ოჯახებს სოციალური დახმარება მოუხსნეს

ქუთაისში, სადგურის #5 - ში, ე. წ „ბარაკებში“ მყოფი სოციალურად დაუცველი 10 ოჯახი, ყოველდღიურად,  საცხოვრებლის ჩამონგრევის საშიშროების წინაშე დგას.

მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი სოციალურად დაუცველი ოჯახები, დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან, უკვე ერთი თვეა, რაც უშედეგოდ ელოდებიან.

„რამდენჯერემე დავწერეთ მერიაში განცხადება, რომ  ყურადღება მოექციათ ჩვენთვის, თუმცა ამისთვის თავი ჯერ არავის შეუწუხებია. ჩვენ კი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, ყოველდღე ველოდებით როდის ჩამოგვექცევა ჭერი თავზე," - ამბობს სადგურის #5–ში მცხოვრები ნინო მდივნიშვილი.

როგორც ირკვევა,  ბარაკული ტიპის ამორტიზებულ საცხოვრებელში მყოფს ოჯახებს სოციალური დახმარებაც მოუხსნეს. თუმცა მიზეზები მათთვის ამდრომდე არავის აუხსნია. 

"ჭერი თავზე გვექცევა, ყველა ჩვენგანი უმუშევარი, ან პენსიონერია და რის საფუძველზე მოგვიხსნენს სოციალური შემწეობა აგვიხსნან მაინც," - ამბობს სადგურის #5 ში მცხოვრები პაშა ხარაბაძე.

სადგურის #5–ში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები პრობლემების მიმართ უყურადღებობას, პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგნანიზაცია აკრიტიკებს და ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას, გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.  

„21 საუკუნეში ადამიანები ცხოვრობდნენ ასეთ პირობებში და მერიის თანამშრომლებს მილიონნახევარი ჰქონდეთ პრემია აღებული, უზნეობა და უსამართლობაა. მოვუწოდებ, ახალ ხელისუფლებას სასწრაფოდ გამოიჩინოს ამ ხალხის მიმართ  ყურადღება, შეისწავლონ და  გამოასწორონ მათი პრობლემები,"  - ამბობს პარტია თავისუფალი საქართველოს იმერეთის ორგანიაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია.

ავტორი: ანა ჯანაშია