პალიასტომის ღვთისმშობლის ხატის ასლი ბაგრატის ტაძარში „დაბრუნდა“
ბაგრატის ტაძარს, ტაძრის არქიტექტორ–რესტავრატორის, ივანე გრემელაშვილის ოჯახმა პალიასტომის ღვთისმშობლის ხატის ასლი შესწირა. ხატი ქუთაისში დღეს ჩამოიტანეს და ბაგრატის ტაძარში დაასვენეს.
"ხატი დავაწერინეთ ხატმწერ დავით ქარდავას. ეს ხატი, პალიასტომის ღვთისმშობლის, მე–10 საუკუნის ხატის, ასლია. თუმცა ამ ასლს ინდივიდუალური ხელწერა ეტყობა. მოგეხსენებათ ორიგინალი, რომელიც მუზეუმში ინახება, გადახატულია ზემოდან, თან საკმაოდ უსუსრად, როგორც ჩანს რუსების დროს გადაიხატა. ამ ასლს ოსტატის ხელი ატყვია და მაინც უფრო "ქართული" ღვთისმშობელია", – ამბობს ივანე გრემელაშვილის მეუღლე ნელი სოხაძე.
ივანე გრემელაშვილი ტაძრის რესტავრაციაზე 2009–2012 წლებში მუშაობდა. იგი 2012 წელს გარდაიცვალა.
პალიასტომის ღვთისმშობელი, რომელიც ბაგრატის ტაძრის ხატად ითვლება ამჟამად ისტორიულ მუზეუმში ინახება. აღნიშნული ხატის შესახებ ისაუბრა ქუთათელ– გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ. მან პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი ქუთაისის გადამრჩენლად მოიხსენია, ხოლო არქიტექტორ–რესტავრატორი ივანე გრემელაშვილი ეროვნულ გმირად.
,,ერთდ გამოვიარეთ ამ ტაძრის მშენებლობა, ვანომ მთელი სიცოცხლე ამ ტაძარს შეალია. იგი ჩემს თვალში არის ეროვნული გმირი. მან ათას იდეოლოგიურ მტერს, ყველას დაუმტკიცა რომ უნდა აღდგენილიყო ბაგრატის ტაძარი", – აღნიშნა მეუფე კალისტრატემ.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი