|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბინები უკვე დანაწილებულია – დევნილები შენობაზე, რომელიც მათთვის რემონტდება

ქუთაისში, ჭავჭავაძის #58– ში, ყოფილი #44 მუსიკალური სკოლის შენობაში განთავსებულ დევნილებს, ბინები საკუთრებაში ჯერ არ გადასცემიათ.

მუსიკალური სკოლის შენობაში მცხოვრები დევნილების ნაწილის თქმით, მათთვის უცნობია გადასცემენ თუ არა გარემონტებულ ბინეს შენობის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ.

„გუშინ ჩვენთან დევნილთა და განსახლების მინისტრი იმყოფებოდა, რომელმაც ჩვენი პრობლემების შესახებ მოისმინა და გვითხრა, რომ ეს შენობა სწორედ დევნილებისთვის რემონტდება. თუმცა მან ვერ გაგვცა კონკრეტული პასუხი იმაზე, ჩვენ ვიქნებით, თუ არა ის დევნილები, რომლებსაც აქ განათავსებენ. ჩვენ მაინც ვიტოვებთ იმედს,“ – ამბობს ყოფილი #44 მუსიკალური სკოლის შენობაში  მცხოვრები ნონა ხვადაგიანი.

ადგილზე მყოფი დევნილების ნაწილს კი მიაჩნია, რომ აღნიშნულ შენობაში, ბინები უკვე დანაწილებულია და იქ მათ აღარ შეუშვებენ.

„100 % – ით ვარ დარწმუნებული, რომ ეს ბინები უკვე დანაწილებულია სხვა დევნილებზე. ჩვენ კი აქ არავინ დაგვაბრუნებს. რამდენიმე დღის წინ ჩვენთან მოსული იყვნენ დევნილთა ადგილობრივი წარმომადგენლობიდან და ქალბატონმა ლიკა კილაძემ ასე გვითხრა, სადაც გინდათ იქ წადითო, აქედან უნდა გახვიდეთ, თუმცა ვერ გპირდებით, რომ ისევ დაგაბრუნებთო,“ – ამბობს ყოფილი მუსიკალური სკოლის შენობაში მცხოვრები დევნილი ვალერი ჭკადუა.

როგორც თავად ლიკა კილაძე განმარტავს, შენობა ნამდვილად დევნილთათვის გადასაცემად რემონტდება, თუმცა ჯერ ადგილები არავის საკუთრებაში არ არის გადასული. ხოლო, თუ ვინ უნდა შევიდეს აღნიშნულ ბინებში,  ამას დევნილთა სარეიტინგო  ქულების დათვლის შემდეგ განსაზღვრავენ.

„ჯერ უნდა მოხდეს ამ ხალხის სარეიტინგო ქულების დათვლა. რის შემდეგაც ვისი ქულაც ყველაზე დაბალი იქნება, ანუ ყველაზე გაჭირვებული, ბინებიც სწორედ მათ გადაეცემათ,\" – განმარტავს დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ლიკა კილაძე.  

მისივე თქმით, ყოფილი მუსიკალური სკოლის შენობაში მცხოვრები დევნილების ნაწილს, ბინების მიღების თაობაზე განაცხადები უკვე შევსებული აქვთ.

როგორც ირკვევა, ყოფილი მუსუიკალური სკოლის შენობის რეაბილიტაციას, ტენდერში გამარჯვებული კომპანია რამდენიმე დღეში დაიწყებს. 

რეაბილიტაცია 6 თვის ვადაში უნდა დასრულეს.

 

ავტორი: ანა ჯანაშია