"გამჭვირვალობა საქართველო" - 147 პარლამენტარიდან 41 ბიზნესთან არის კავშირში
"მბრუნავი კარის პროცესი," – ანუ პოლიტიკოსები ბიზნესში და ბიზნესმენები პოლიტიკაში, კორუფციული სქემები და ნეპოტიზმის კლასიკური მაგალითები საქართველოში – აღნიშნულ საკითხებზე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" ახალი ანგარიში გამოაქვეყნა.
არასამთავრობო ორგანიზაციამ ანტიკორუფციულ საკითხებზე კვლევა 2013 წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში გამოკითხული იქნა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები მოსახლეობა.
ანტიკორუფციულ საკითხებზე, ჩატარებული კვლევის შედეგები "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" იურისტებმა დღეს, ქუთაისში ჩაის სახლში "ფოე–ფოე" ჟურნალისტებსა და არასამთავრობო სექტორის წევრებს გააცნეს.
როგორც იურისტები ამბობენ, საქართველოს
პარლამენტში არაერთი მსხვილი ბიზნესმენია წარმოდგენილი. ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლების ზოგიერთ წევრს
პირდაპირი, ან ირიბი კავშირი აქვს
ბიზნესთან.
იურისტების თქმითვე, საქართველოს პარლამენტში დასაქმებულთა 147 წევრიდან ბიზნესთან პირდაპირი, თუ არაპირდაპირი კავშირი პარლამენტის 41 წევრს
აქვს.
"სისტემის კვლევამ აჩვენა, რომ საკანონმდებლო დონეზე არცთუ ისე ბევრი ხარვეზი გვაქვს. თუმცა არსებობს ე.წ. მბრუნავი კარის
პრობლემა, რაც იმაში მდგომარეობს რომ, ბიზნესმენები მიდიან პოლიტიკაში ან პოლიტიკოსები ბიზნესში. ისინი თავიანთ ბიზნესს ინტერესებს ატარებენ და
თანამდებობის დროს მოპოვებული დივიდენდებით შემდეგ ბიზნესს ლობირებენ," – ამბობს იურისტი თეონა ზაქარაშვილი.
იურისტების თქმითვე, კორუფციის
საფრთხეებთან ერთად, საქართველოში კორუფციისა და ნეპოტიზმის მიმართ მოქალაქეების
არასწორი დამოკიდებულებაც მჟღავნდება.
"კვლევის დროს ჩავატარეთ გამოკითხვაც
და ადამიანების ნაწილი კორუფციას მიიჩნევს როგორც კანონზომიერებას, ან სქემას, რომელსაც არაფერი ეშველება. მაგალითად ერთ–ერთმა გამოკითხულმა გვითხრა, რომ
რამდენიმეჯერ ნაცნობების წყალობით დასაქმდა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ კორუფცია და
ნეპოტიზმი ქვეყანაში არ არსებობს. ასეთი თვითშეგნება სამწუხაროა," – განმარტავენ იურისტები.
აღნიშნულ მოსაზრებას როგორც ირკვევა, ჟურნალისტებიც იზიარებენ. მათი თქმით, კორუფციასთან ბრძოლის ერთ–ერთი მძლავრი ინსტრუმენტი
სწორედ მოქალაქეების მაღალი თვითშეგნება უნდა იყოს.
„ადამიანებს
გაორება ემართებათ. ისინი ხედავენ პოლიტიკოსს ბიზნესში და ბიზნესში პოლიტიკოსებს და ეს
კანონზომიერებად მიაჩნიათ. ასეთ შეგნებას ერთის მხრივ, ის მოცემულობა იწვევს, რაც
ქვეყანაში იყო და არის და მეორეს მხრივ, ადამიანების გარკვეული ნაწილის საკითხისადმი გაურკვევლობა," – ამბობს ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ხვიჩა
ვაშაყმაძე.
საქართველოში კორუფციის რისკების შემცირებსათან დაკავშირებით იურისტების
აზრით, საკანონმდებლო რეგულაციების შემოღებაა საჭირო.
„აუცილებელია საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავება და განხორციელება რადგან შემცირდეს კორუფციის რისკები ქვეყანაში,“ – ამბობს იურისტი თეონა ზაქარაშვილი.
ავტორი: ანა ჯანაშია