|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მოცურავეთა ნაკრები "ვისოლს" დახმარებას თხოვს

ქუთაისის მოცურავეთა ნაკრების მწვრთნელი კომპანია "ვისოლს" თხოვნით მიმართავს. მოცურავეთა ნაკრების მწვრთნელი, ნუგზარ ხურციძე ნაკრების წევრთა სავარჯოშოდ "ლაგუნას" საცურაო აუზის 1 საათით სარგებლობას ითხოვს.

"მოცურავეები შედიან ტანვარჯიშის დარბაზში და იქ მეცადინეობენ, მაშინ როცა იქვე, 10 მეტრში არის საცურაო აუზი. რაღაც კომპრომისი იქნებ მოინახოს, თორემ ეს სპორტი დაღუპვის გზაზეა. არ მინდა ქუთაისს ეს ლამაზი სპორტის სახეობა, ცურვა გამოაკლდეს,  ყველას ვთხოვ იქნებ როგორმე შევინარჩუნოთ იგი. ეს "ვისოლისთვის" პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს," - აცხადებს ნუგზარ ხურციძე.

როგორც ნუგზარ ხურციძე ამბობს, ქუთაისში საცურაო აუზის არარსებობის გამო, მოცურავეთა ნაკრებს ვარჯიში ხმელეთზე უწევს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2014 წელს ქუთაისში  საცურაო აუზის მშენებლობა იგეგმება. თუმცა, სად აშენდება აუზი ჯერჯერობით უცნობია.

"ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბათუმში საცურაო აუზის გახსნისას გამოაცხადა, რომ მომავალში ქუთაისის ჯერი დგებოდა. ყოველ წუთს მოლოდინში ვართ და არ დაადგა ამ ქალაქს საშველი, თორემ ეს ქუთაისი ტალანტების ქალაქია ცურვის და წყალბურთის სახეობებში," - აცხადებს ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სპორტის განყოფილების უფროსი, გია ჩიხლაძე.

 

ავტორი: დეა მანაგაძე