შოთა მურღულია - ნაძვის ხის აღების გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორმა მიმაღებინა
ქუთაისში, ოპერის თეატრის წინ საახალწლო ნავის ხის დემონტაჟთან დაკავშირებით, ქუთაისის მერის მოვალეობის შესმრულებელი შოთა მურღულია განმარტებას facebook-ის ოფიციალურ გვერდზე აკეთებს. მურღულიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება, რამდენიმე ფაქტორმა მიაღებინა. მურღულია ამბობს, რომ ნაძვის ხის გამოჩენამ, დისკომფორტი და პორტესტის გრძნობა გამოიწვია:
"ჩემი პირადი გადაწყვეტილებით, მოხდება ქუთაისის ოპერის წინ მდგარი ნაძვის ხის დემონტაჟი. ვინაიდან, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი თქვენგანისთვის, ისევე როგორც ჩემთვის, მისმა გამოჩენამ და არაპრეზენტაბელურობამ ესთეტიკური დისკომფორტი, უკმაყოფილებისა და პროტესტის გრძნობა გამოიწვია.
მისი აღების გადაწყვეტილება მიმაღებინა ერთდროულად რამოდენიმე ფაქტორმა.
პირველ რიგში მივიჩნიე, რომ ის ვერ შეძლებს ჩვენთვის ასე საყვარელი დღესასწაულის გალამაზებას და საზეიმო განწყობის შექმნას.
ჩვენი შვილები არ მივლენ მასთან სიხარულით ფოტოების გადასაღებად და კიდევ, დღეს, როდესაც ვცდილობთ, ჩვენს სტუმრებს, ტურისტებს, თუ საქმიანი ვიზიტით ჩვენს ქალაქში მყოფ ადამიანებს შევთავაზოთ ყველაფერი საუკეთესო, შეუძლებელია მათ მეხსიერებაში მსგავსი დეტალები დავტოვოთ საახალწლო მოგონებებად.
ნაძვის ხის დადგმის დროს ვიმედოვნებდით, რომ მოხერხდებოდა მისი გაწმენდა, მაგრამ სიტუაციის შესწავლის პროცესში, უამინდობით გამოწვეული პრობლემები წამოგვეწია და ნაძვის ხის შესაბამის მდგომარეობაში მოყვანა ვეღარ მოხერხდა.
მიხარია, რომ მიღებული გადაწყვეტილების გულწრფელობა საშუალებას მაძლევს, თქვენთან, ჩემს თანაქალაქელებთანაც ვიყო გულწრფელი და მართალი.
მინდა, ეს იყოს დასაწყისი იმისა, რომ ჩვენ აღარ ავუვლით გვერდს მსგავს ნიუანსებს, რომლებიც ერთობლიობაში ჩვენს ცხოვრებას ქმნიან. მჯერა, რომ ჩვენს ქალაქს ბევრი ბედნიერი ახალი წელი ელოდება, რომლებსაც ღირსეულად აღნიშნავს.
ბედნიერი ახალი წელი, ჩემო თანაქალაქელებო!
ავტორი: ნიუპრესი