|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გამჭვირვალობა-საქართველო": თვითმმართველობის კოდექსის ნაჩქარევად მიღება დაუშვებელია

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ქუთაისის ოფისმა, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესახებ საკუთარი რეკომენდაციები და შენიშვნები წარმოადგინა.

ორგანიზაციის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ თვითმმართველობის რეფორმა აუცილებლად განსახორციელებლია, თუმცა კოდექსის ნაჩქარევად მიღება დაუშვებელი.
"მთავარი რეკომენდაციაა არ ვიჩქაროთ. კანონი არ უნდა დაიწეროს იმ გათვლებით, რომ არ ამოქმედდება," - აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ქუთაისის ოფისის წარმომადგენელი, თეონა ზაქარაშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაცია შენივნას გამოთქვამს კოდექსის იმ მუხლის მიმართ, რომლის თანახმადაც საკრებულოს 2/3-ს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, პირდაპირი წესით არჩეული მერის შეცვლის უფლება აქვს.
"აუცილებელია რაღაც დოზით დასაბუთდეს საკრებულოს იმპიჩმენტი. შეიძლება შემოვიტანოთ აპელაციის სასამართლოს ინსტიტუტი, რომელიც დადებს დასკვნას ქალაქის მერის საქმინობის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მარტივი ბერკეტია, რომელიც საკრებულოს ხელში ამოქმედდება," - აცხადებს თეონა ზაქარაშვილი.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მეორე რეკომენდაცია გუბერნატორის ფუნქციებს ეხება. კოდექსის მიხედვით, გუბერნატორებს მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებში ჩართულობის ფუნქცია რჩებათ. არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაციით, უმჯობესია გუბერნატორის დარგობრივი ზედამხედველობის ფუნქცია რეგიონული განვითარების და ინფრასქტურქტურის სამინისტროს ნაცვლად, იუსტიციის სამინისტროს გადაეცეს, ხოლო დარგობრივი ფუნქციები შესაბამის სამინისტროებზე გადანაწილდეს.
როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ქუთაისის ოფისის წარმომადგენლები აცხადებენ, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის პირველი ნაწილის განხორციელება 7 თვეში უნდა მოხდეს, რაც საკმარისი დრო არაა. 
 
  

ავტორი: დეა მანაგაძე