"ბოდიში, თქვენი მეუღლე შეცდომით დაიხვრიტა" - დისკუსია ქუთაისში
ქუთაისში დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს ორგანიზებით საჯარო დისკუსია გაიმართა. დისკუსიის თემას საბჭოთა ტერორის მსხვერპლნი: აღიარებიდან სრულ რეაბილიტაციამდე წარმოადგენდა. დისკუსიას უძღვებოდნენ ანა ნაცვლიშვილი ("საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია") და ირაკლი ხვადაგიანი ("საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია").
შეხვედრა ფილმით გაიხსნა, სადაც საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა შთამომავლები საუბრობენ მასობრივი საბჭოთა ტერორის ეპოქაზე, მათი მშობლების დაპატიმრებაზე, მერე რეაბილიტაციაზე და რეაბილიტაციის ყველა იმ ეტაპზე, რაც ტერორის მსხვერპლებმა და მათმა შთამომავლებმა გაიარეს - ცინიკური მობოდიშებიდან ("ბოდიში თქვენი მეუღლე შცდომით დაიხვრიტა") ბოლო პერიოდის 400 ლარიან კომპენსაციამდე.
"საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა რეაბილიტაციის საკითხი ხელახლა ცოცხლდებოდა, მაგრამ არც ერთი არ იყო სრული. ახლა არის მცდელობა დავიწყოთ დისკუსია ამასთან დაკავშირებით როგორ, რა ფორმით შეგვიძლია ავუნაზღაუროთ რაც გადაიტანეს ამ ადამიანებმა?! ამასთან დაკავშირებით არსებობს საკანონმდებლო წინადადებები, სხვა ტიპის ვერსიები. ეს შეხვედრა არის მცდელობა დაიწყოს დისკუსია ამ საკითხზე. ეს ადამიანები საჭიროებენ შესაბამისი პასუხის გაცემას", - მიაჩნია ირაკლი ხვადაგიანს.
თუმცა ირაკლი ხვადაგიანის თქმით, მთავარ კითხვად მაინც რჩება - რამდენად არის საზოგადოება მზად იკისროს პასუხისმგებლობა ტერორის მსხვერპლებზე.
სამაგიეროდ საზოგადოებამ გარკეული პასუხისმგებლობა იკისრა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის შემთხვევაში და ინსტიტუციას, როგორც საბჭოთა ტერორის მსხვერპლს, უხდის კომპენსაციას, აღინიშნა შეხვედრაზე.
"აღნიშნული საკითხი კონკორდატის პუნქტად იყო ჩადებული. ანუ ამასთან დაკავშირებითაც არსებობს რაღაც პრაქტიკა. ოღონდ ეს ჩემთვის პირადად ცოტა ბუნდოვანია - რა, როგორ,რა ფორმით, ვინ განსაზღვრა?! არ მეჩვენება მიღებულ პრაქტიკად ინსტიტუციის, ორგანიზაციის მსხვერპლად წარმოჩენა, ცოტა აბსურდულია. კონკრეტულ ადამიანებზე უნდა იყოს საუბარი", - მიაჩნია ირაკლი ხვადაგიანს.
ტერორის მსხვერპლი კონკრეტული ადამიანების სიცოცხლის კომპენსირება 400 ლარად შეფასდა ორიოდე წლის წინ მიღებული კანონით. თუმცა აღნიშნული კომპენსაცია "არ იყო შესაბამისი მოლოდინთან",- ითქვა შეხვედრაზე.
სიცოცხლის უფლების შელახვა როგორ უნდა დაითვალოს, როგორ "გაიზომოს" მატერიალურად არის ურთულესი საკითხი, მთავარია საუბარი დაიწყოს ამაზე, ითქვა დისკუსიაზე.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა