სადისციპლინო კომიტეტმა ქუთაისის "ტორპედოს" 18 300 ლარიანი ჯარიმა დააკისრა
სფფ-ის სადისციპლინო საკითხთა კომიტეტმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 21-ე ტურის პრობლემურ მატჩებთან დაკავშირებით 10 მარტს იმსჯელა.
სადისციპლინო საკითხთა კომიტეტმა განიხილა ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" შორის 9 მარტს გამართული მატჩი და დაადგინა:
სადისციპლინო კოდექსის 105-ე, 106-ე 113-ე , 114-ე და 115-ე მუხლების დარღვევისთვის სკ "ტორპედოს "განესაზღვროს ფულადი ჯარიმა 18 300 ლარის ოდენობით, ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია ქუთაისის ცენტრალურ სტადიონს (სკ "ტორპედო" საშინაო მატჩებს ნეიტრალურ სტადიონზე გამართავს) და ტექნიკური წაგება 0:3 ანგარიშით, "დინამო" თბილისის სასარგებლოდ.
სკ "დინამო" დაჯარიმდა 800 ლარის ოდენობით, დინამოელთა გულშემატკივრების მიერ ქუთაისის ცენტრალური სტადიონის სკამების დამტვრევისა და მოედანზე გადმოყრის გამო.
რაც შეეხება კომიტეტზე განხილულ კიდევ ერთ მატჩს - გორის "დილასა" და "ვიტ ჯორჯიას" შორის:
სადისციპლინო საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, მატჩის დროს გულშემატკივართა მიერ მოედანზე შეჭრის გამო სკ "დილა" დაჯარიმდა (სადისციპლინო კოდექსის 106-ე მუხლის დარღვევა) 4000 ლარით, სკ "დილას" ფეხბურთელი ლექსო კვახაძე კი მსაჯის შეურაცხყოფისათვის 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით და 600 ლარის ოდენობის ფულადი ჯარიმით დაისაჯა.
სფფ-ის სადისციპლინო საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილება ოფიციალურად კლუბებს 11 მარტს, დილით დაეგზავნებათ.
წყარო: gff.ge
ავტორი: ნიუპრესი