|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში ნარკოდამოკიდებულების მიმართ სახელმწიფოს უყურადღებობას გააპროტესტებენ

"ჩემი რეპრესია შენი რეგრესია," - ამ სახელწოდებით საქართველოში ნარკოდამოკიდებული ადამიანების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობას გაპროტესტებენ.

მასშტაბური საპროტესტო აქცია, ჯანდაცვის სამინისტროს წინ "ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის" ორგანიზებით გაიმართება.

აქცია თბილისში, საქართველოს შრომის ჯანმრთელბისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან 18 მარტს 16:00 საათზე  არის დაგეგმილი.

როგორც საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ამბობენ, ისინი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეახსნებენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ნარკოდამოკიდებული ადამიანების ჯანდაცვაზე ზრუნვა დროულად უნდა დაიწყოს.

"აქციაზე ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანები და მათი ოჯახის წევრები გააპროტესტებენ წამალდამოკიდებული ადამიანების მიმართ ჩვენს ქვეყანაში არსებულ არასწორ მიდგომებს. ასევე, შევახსენებთ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს აღებული ვალდებულებები დროულად განახორციელონ,"- ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

 "ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის" გამგეობის თავმჯდომარის, კოკა ლაბარტყავას თქმით, საქართველოში წამალდამოკიდებული ადამიანების მიმართ მიდგომები არ იცვლება და დღემდე მათი დევნა ხორციელდება.

"ისევ დევნიან იმ ადამიანებს, რომლებიც წამალდამოკიდებულები არიან და დახმარება სჭირდებათ. რითაც პრობლემა არ გვარდება. საქართველოში საჭიროა შეიქმნას სარეაბილიტაციო ცენტრების ფართო ქსელი, მოხდეს წამალდამოკიდებულთა ხარისხიანი  მკურნალობა და გაძლიერდეს მათი რესოლიცაზიის გეგმა. აი, ესაა პრობლემიდან რეალური გამოსავალი. ამ საკითხზე  უწყებათაშორისო საბჭომ კარგა ხანია შეიმუშავა სტრატეგია, რომლის განხორციელებაზეც სახელმწიფომ უნდა იზრუნოს,"- ამბობს "ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის" გამგეობის თავმჯდომარე კოკა ლაბარტყავა.

თბილისში დაგეგმილი აქციის მხარდამჭერი ორგანიზაციები არიან: "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი", "მსოფლიო ექიმები-საფრანგეთი", "ალტერნატივა ჯორჯია" და ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო."

ავტორი: ანა ჯანაშია