|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორი - მხოლოდ სკანდალები გაინტერესებთ

"ქუთაისის ოპერის თეატრის გარშემო მხოლოდ სკანდალები გაინტერესებთ და ნაკლებად ის სამუშაოები, რაც ჩატარდა ოპერის თეატრში. ნაკლებად გაინტერესებთ ის შემოქმედებითი წინსვლები, რასაც ადგილი ჰქონდა ამ 6 თვის განმავლობაში," - ეს საყვედური ჟურნალისტების მისამართით გაჟღერდა შეხვედრაზე, რომელიც ოპერის თეატრის  ხელმძღვანელობამ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა. აღნიშნულ შეხვედრაზე მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრის  დირექტორმა, ხატია ვედმედევამ საზოგადოებას თეატრის ახალი გუნდის 6 თვის მუშაობის შედეგები წარუდგინა.

მიღეწევათა შორის დასახელდა ოპერის თეატრისთვის ძველი სტატუსის შეცვლა. სადღეისოდ, ქუთაისის ოპერის თეატრი მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულ თეატრად მოიხსენიება.

"ოპერის თეატრში 6 თვის განმავლობაში ჩატარდა 23 ღონისძიება. მათ შორის,  3 კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებული. ასევე, 11 საქველმოქმედო ღონისძიება, რომლებიც მომავალშიც გაგრძელდება იმ მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც გაფორმდა საქართველოს ბავშვთა სოფელთან. ასევე, იქნება სხვა ხასიათის საქველმოქმედო აქციები," - აღნიშნა ვედმედევამ.

მიღწევათა შორის, ასევე, მოიხსენიეს მაყურებელთა რიცხვის ზრდა სპექტაკლებზე. "ახალგაზრდების, როგორც მოსწავლების, ისე სტუდენტების დაინტერესება გაიზარდა საოპერო მუსიკის მიმართ," - განაცხადა ვედმედევამ.

მისი თქმით, სახელფასო დანამატების მხრივაც შიცვალა სიტუაცია ოპერაში.

"ამ ეტაპზე, მერიის მიერ საკრებულოსთვის უკვე წარდგენილია ოპერის თეატრისთვის ბიუჯეტის გაზრდა, რის შემდეგაც სახელფასო დანამატი აღარ იქნება მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება, არამედ მიეცემა ოფიციალური სახე", - აღნიშნა ვედმედევამ. 

თეატრის დირექტორმა უარყო ინფორმაცია ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის გადადგომის თაობაზე.

"გოგი ჭიჭინაძე არსად წასულა. კულტურის მინისტრს მისი განცხადება გადადგომის თაობაზე  ამ დრომდე არ დაუკმაყოფილებია. გოგი ჭიჭინაძის განცხადება ერთგვარი პროტესტის ფორმა იყო, რომ ქუთაისის თეტრისთვის მიექციათ მეტი ყურადღება. მთელი ქუთასისი საზოგადეობა უნდა გაერთიანდეს იმისთვის, რომ დარჩეს გოგი ჭიჭინაძე ქუთაისში," - განაცხადა ხატია ვედმედევამ. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი