ქუთაისში საარჩევნო უბნებზე პანდუსები მოეწყობა
ქუთაისში არსებულ საარჩევნო უბნებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნებამდე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირებისთვის პანდუსები მოეწყობა. პანდუსების მოწყობის მოთხოვნით ქუთაისის მერიას ცენტრალურმა
საოლქო საარჩევნო კომისიამ მიმართა.
საარჩევნო უბნებზე პანდუსების მოწყობას ქუთაისის მერიის
კეთილმოწყობის სამსახური განახორციელებს. აღნიშნული პროექტისათვის ადგილობრივ ბიუჯეტში
ცვლილება უკვე განხორციელდა, რასაც საკრებულომ მხარი
დაუჭირა.
ქუთაისში სულ 127 საარჩევნო უბანია. როგორც მერიის კეთილმოწყობის
სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, მერაბ ბასილაძე ამბობს, ყველა უბანზე
პანდუსის მოწყობის საჭიროება არ დგას.
„ცესკო–ს მითითებით, საპროექტო ჯგუფის მიერ უახლოეს
დღეებში მოხდება შესწავლა კონკრეტულად რომელ უბნებს ესაჭიროებათ პანდუსის მოწყობა,“
– განმარტავს მერაბ ბასილაძე.
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ,
რომ იმ საარჩევნო უბნებში, სადაც პანდუსი ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებამდე არ მოეწყობა, შშმ პირებისთვის შესაბამის გარემოს ეტაპობრივად
მოაწესრიგებენ.
ავტორი: ანა ჯანაშია