|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შოთა მურღულია - ქუთაისი ყველაზე დაზარალებული ქალაქია წყლის მიმართულებით

ქუთაისში N1 საჯარო სკოლაში წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეების მიერ წყლის თემატიკაზე შესრულებული ნახატები გამოფინეს და ავტორებს დიპლომები გადასცეს.
ღონისძიება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და ქუთაიისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ინიციატივით გაიმართა.
წყლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მყოფებმა, წყლის მნიშვნელობასა და წყლის რესურსების დაზოგვის შესახებ ისაუბრეს.
"დღევანდელი ღონისძიებით წყლის რესურსების დაცვის აუცილებლობა შევახსენეთ საზოგადოებას," – ამბობს ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის დირექტორი ლიკა კილაძე.
წყლის რესურსების დაცვასა და  ქუთაისში წყლის პრობლემების მოგვარების აუცილებლობაზე, ასევე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ ისაუბრა.
"საქართველო მდიდარია წყლის რესურსით, თუმცა მისი გამოყენება არ ხდება სათანადოდ. ჩვენ ყველაზე დაზარალებული ქალაქი ვართ წყლის მიმართულებით. ათწლეულებია 24 სათიანი წყალმომარაგება არ არის ქუთაისში, მაგრამ საბედნიეროდ, წყალმომარაგების კომპანიას სრული დაფინანსება აქვს უკვე იმისთვის, რომ განახორციელოს სამუშაოები და ქალაქი  გადავიდეს 24 წყალმომარაგებაზე გონივრულ ვადებში ,"– ამბობს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია.
როგორც წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის ფილიალის წარომადგენლები ამბობენ, 
ისინი დაგეგმილ სამუშაოებს ქუთაისში ეტაპობრივად განახორციელებენ.
მათივე თქმით, წყალი 21 საუკუნის ნავთობია და აუცილებელია საზოგადოების მხრიდან წყლის რესურსების დაცვა და დაზოგვა მოხდეს.   
"წყლით მდიდარია საქართველო და ამას უნდა გავუფრთხილდეთ, რადგან ის ბევრ ქვეყანაში დეფიციტია, ხოლოს საქართველოში წყალი ღმერთისგან ნაბოძები სიმდიდრეა," – ამბობს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ფინანსური დირექტორი კახაბერ სოლოღაშვილი.   
წყლის საერთაშორისო დღეს, ყოველ 22 მარტს  მთელს მსოფლიოში გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 1993 წლიდან აღნიშნავენ.
მიზეზი გაეროს ექსპერტთა დასკვნებით, დედამიწაზე მტკნარი წლის მარაგის კატასტროფულად შემცირებაა.

ავტორი: ანა ჯანაშია