ექსკურსია მივლინების სახელით - ქუთაისელი ჩინოვნიკების უცხოური ვოიაჟები
ქუთაისის მერიამ 2013 წელს ქვეყნის შიგნით და საზღვრებს გარეთ მივლინებებში 73 200 ლარი დახარჯა. თუმცა, მერიის თანამდებობის პირთა უცხოური ვიზიეტები საინვესტიციო შედეგების გარეშე დასრულდა.
გასულ წელს, ყველაზე მეტი თანხა მივლინებებში, ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულმა სამსახურმა გახარჯა. აღნიშნულმა სამსახურმა სამივლინებო ხარჯებისთვის 30 933,41 ლარი გამოიყენა. მეორე ადგილზე სამივლინებო თანხების ხარჯვის კუთხით მერიის კეთილმოწყობის სამსახური დგას, რომელმაც გასული წლის მონაცემებით, მივლინებებში 5 102, 68 ლარი გახარჯა.
2013 წელს, მერიის ადმინისტრაციული სამსახურიდან, მივლენებებით ყველაზე ხშირად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების გაყოფილებამ ისარგებლა. განყოფილების უფროსმა, დავით მეგრელიშვილმა ავსტრიაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, "Green Energy Committee" მიიღო მონაწილეობა, ხოლო მადრიდში საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაზე იმყოფებოდა.
საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში მონაწილეობისთვის მივლინება შედგა 2013 წლის თებერვალში თელ-ავივსა და ჰაიფაში, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6644,80 ლარი გამოიყო.
გარდა გამოფენა-ბაზრობებისა, მერიის თანამდებობის პირები მონაწილეობას სასწავლო-სამეცნიერო მივნილებებშიც იღებდნენ. მაგალითად, პოლონეთის ქალაქ ვროცლავში გამართულ სახანძრო მანევრებში „სილენა 2013", მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნული მივლინება, რომელიც 22 278,64 ლარი დაჯდა, მეხანძრეების და მაშველებისთვის პოლონელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებას და ახალი აღჭურვილობის გამოცდას ისახავდა მიზნად.
1377,60 ლარი დაჯდა, ასევე, 6 დღიანი სასწავლო ვიზიტი პოლონეთში, რომელშიც მონაწილეობა მერიის ქონების მართვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ვალერი თევდორაძემ, საბინაო სასახურის სპეციალისტმა და ავტოქარხნის მუნიციალიტეტის თანამშრომლებმა მიიღეს. ვიზიტი მიზნად ისახავდა საბინაო ამხანაგობების საქმიანობის პოლონური გამოცდილების გაზიარებას.
ქუთაისის მერიის თანამშრომელთა მივლინებების შარშანდელ ნუსხაში არაორდინალური სახელწოდების ვიზიტებიც გვხვდება. მაგალითად, სასწავლო ტური ბარსელონაში "СO2 - ემისიის გაანგარიშებასა და CO2 - ემისიის შემცირებაში" საუკეთესო მუნიციპალური გამოცდილების მისაღებად, სადაც მონაწილეობა მიიღო მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინვესტიციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა, ჯაბა გოგონაძემ.
ამავე სამსახურის ყოფილმა უფროსმა, იოსებ გაბრიჭიძემ გასული წლის სექტემბერში 2 323,04 ლარად დაფინანსებულ მივლინებაში სახელწოდებით "ინოვაციები, ინვესტიციები, ხარკოვის ინიციატივები!" მიიღო მონაწილეობა. ძვირადღირებული აღმოჩნდა (6038 ლარი) გაბრიჭიძის ვიზიტი კიევში, აპიმონიადას საერთაშორისო კონგრესზე. როგორც გაირკვა, აღნიშნული ღონისძიება მეფუტკრეობის სამყაროში პრესტიჟულია და მასში მსოფლიოს 120 ქვეყნის მეფუტკრე მონაწილეობდა.
საზეიმო მივლინებებიდან აღსანიშნავია ქუთაისთან დაძმობილებული ქალაქების იუბილესთან დაკავშირებული ვიზიტები. ასეთი ვიზიტების რიცხვშია ჟიტომირის 1129-ე და დონეცკის იუბილესადმი, ასევე, მეშახტის დღისადმი მიძღვნილი მივლინებები.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, ქუთაისის მერიის თანამდებობის პირთა მივლინებებისთვის თანხები შემცირებულია. ასევე, შეიცვალა მივლინებებზე თანხის გაცემის წესიც. როგორც მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი, ირაკლი ავალიანი განმარტავს, აქამდე მივლინებისთვის საჭირო თანხა მერიის თითოეული სამსახურის ბალანსზე იყო, თუმცა, თანხის გაცემის გადაწყვეტილებას საბოლოოდ ადმინისტრაციული სამსახური იღებდა. ავალიანის განმარტებით, 2014 წელს მივლინებებისთვის განკუთვნილი თანხების განკარგვა ადმინისტრაციულ სამსახურს გადაეცა, რომელიც სამივლინებო თანხებს მერიის დანარჩენ სამსახურებზე საჭიროებისამებრ გადაანაწილებს.
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს მიმდინარე წელს მივლინებებისთვის 58 400 ლარი გადაეცა. საფინანსო სამსახურის მონაცემებით, სამივლინებო თანხებიდან ამ დროისათვის 1118,01 ლარია გახარჯული.
„ნებისმიერი თეთრი, რომელიც იხარჯება ქალაქიდან თანამდებობის პირების მივლინებებისთვის, უნდა ხმარდებოდეს იმ მიზანს, რასაც ჩვენი ქალაქის განვითარება ჰქვია. რაც ჯდება თანხობრივად მივლინება, იმაზე ათჯერ მეტი უკუგება უნდა იყოს. თუმცა, იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა ზოგიერთ მივლინებას მხოლოდ ექსკურსიის სახე ჰქონდა," - ამბობს ქუთაისის ვიცე-მერი, ნიკო კაჭკაჭიშვილი.
ავტორი: დეა მანაგაძე