|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში პრობაციონერებს სარეაბილიტაციო პროგრამები გააცნეს

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი არსოშვილმა ქუთაისში პრიბაციონერებსა და მათი ოჯახის წევრებთან "ღია კარის დღე" გამართა. შეხვედრაზე, რომელიც  იმერეთის პრობაციის ბიუროში შედგა, არსოშვილმა სააგენტოს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ინოვაციებზე ისაუბრა.

"პრობაციის ეროვნული სააგენტო ამკვიდრებს ახალ სტრატეგიას და ყველა რაიონში გავმართავთ მრგვალ მაგიდას პირობით მსჯავრდებულ პირებთან. ჩვენი მიზანია უშუალოდ მათგან მოვისმინოთ ის საჭიროებები, რაც მათ აქვთ და ამის მიხედვით შევთავაზებთ იმ პროგრამებს, რაც რეაბილიტაციაში დაეხმარებათ," – განაცხადა გიორგი არსოშვილმა.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა შეხვედრაზე მყოფ პირებს ახლადშექმნილი სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს საქმიანობა გააცნო. სამმართველოში სხვადასხვა ტიპის  სარეაბილიტაციო პროგრამებს შეიმუშავებენ.

"დარწმუნებული ვარ ყველაზე მოთხოვნადი პროფესიული სწავლების პროგრამა იქნება. წლების მანძილზე საზოგადოებაში არსებობს სტიგმა პირობით მსჯავრდებულთა მიმართ. მათ ყველანაირი პირობა უნდა შევუქმნათ იმისთვის, რომ ინტეგრაცია ადვილად შეძლონ," – განაცხადა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი არსოშვილმა.   

სარეაბილიტაციო პროგრამების ფარგლებში პირობით მსჯავრდებული პირები საჭიროების შემთხვევაში კვალიფიციურ ფსიქოლოგიურ  დახმარებას მიიღებენ და მათ დასაქმების შესაძლებლობაც მიეცემათ.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2014 წელს სარეაბილიტაციო პროგრამების ფარგლებში 20 პირობით მსჯავრდებული პირი დასაქმდა, 93–მა პირმა კი შეთავაზებულ დასაქმებაზე, გაურკვეველი მიზეზების გამო, უარი განაცხადა.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი არსოშვილმა ქუთაისში შეხვედრაზე მყოფ პირობით მსჯავრდებულებს სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებაც შესთავაზა.

ავტორი: დეა მანაგაძე