|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ამერიკული კულტურის ფესტივალი ალფრედ ჰიჩკოკის ფილმით გაიხსნა

ქუთაისში, წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკული კულტურის ფესტივალის ფარგლებში კინოჩვენება გაიმართა. ალფრედ ჰიჩკოკის ფილმმა Notorious ფაქტობრივად გახსნა ფესტივალი.

ამერიკული კულტურის ფესტივალი ერთი თვის მანძილზე გაიმართება საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და თელავში.

ქუთაისში, წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველკვირეული ამერიკული ფილმების ჩვენებას უმასპინძლებს. წარმოდგენილი იქნება ალფრედ ჰიჩკოკის, ბილი უაილდერის, ჯოელ კოენის,  ქერტის ჰენსონის და სხვათა ფილმები. ჩვენებები 3, 10, 15, 24, 29 აპრილს 13 საათზე მოეწყობა.

ამერიკის დღეები საქართველოში გულისხმობს ამერიკული პოეზიის პოპულარიზაციასაც. ამერიკელი პოეტის ალენ გინზბერგის შემოქმედებას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს 10 აპრილს (15 საათზე).

11–17 აპრილს ფოტოგამოფენა, სახელწოდებით "ამერიკული დასავლეთი", ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში გაიმართება.

ხოლო ფესტივალს დახურავს  (30 აპრილს) საფორტეპიანო ჯაზ–კონცერტი ოპერის თეატრში.

"ეს ფესტივალი ემსახურება ამერიკული კულტურის პოპულარიზაციას. რომ სტუდენტებმა და ზოგადად საზოგადოებამ უკეთესად გაიცნოს ამერიკული კულტურა", –აღნიშნა წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ირაკლი ცხვედიანმა. 

ფესტივალის ინიციატორი და ორგანიზატორი ამერიკის საელჩოა.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი