ფეხბურთის განვითარების 5 წლიან გეგმას სამთავრობო კომისია შეიმუშავებს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ფეხბურთის განვითარების ხელმშემწყობი სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
ფეხბურთის განვითარების 5‑წლიანი გეგმის შემუშავება, საფეხბურთო კლუბების დაფინანსების გაზრდის მიზნით კერძო ინვესტორების მოზიდვის ხელშეწყობა, ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებების დაგეგმვა, მასობრივი ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა, ფეხბურთის მოყვარულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ღონისძიებების დაგეგმვა, "უეფას სუპერ თასი 2015"‑ის მოსამზადებელი სამუშაოების კოორდინაცია, 2017 წელს საქართველოში გასამართი უეფას 19‑წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის გამართვის ხელშეწყობა, – ეს იმ პროექტების ჩამონათვალია, რომელზეც სამთავრობო კომისია იზრუნებს.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი
ღარიბაშვილის განცხადებით, ქართული ფეხბურთის აღორძინებისთვის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს.
"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევიმუშაოთ შესაბამისი პოლიტიკა და რეალური ნაბიჯები გადავდგათ ქართული ფეხბურთის აღორძინებისთვის", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ფეხბურთის განვითარების ხელმშემწყობი სამთავრობო კომისიას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. კომისიაში კი შედიან ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ასევე ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები.
ავტორი: დეა მანაგაძე