ქუთაისელი "ნაციონალი" - რა უბედურებაა ყველგან კამერებით, მურღულია ტუალეტში შევიდა, მურღულია მოსახლეობას შეხვდა
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა მურღულიას მოსახლეობაში აქტიურ ვიზიტებს, საარჩევნო ფარულ კამპანიად აფასებენ ქუთაისელი "ნაციონალები".
"ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივ ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მურღულია წინსაარჩევნო კამპანიას არაოფიციალურად და უნიჭოდ ახორციელებს. მათი თქმით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აგრესიას იწვევს შოთა მურღულიას ტელევიზიით ყოველდღიური გამოჩენა.
"ანდა, რა უბედურებაა, ყველგან კამარებით და ჟურნალისტებით დადის. მურღულია ტუალეტში შევიდა, მურღულია მოსახლეობას შეხვდა, მურღულიამ გზები დაათვალიერა. ბატონი შოთა იმ მთავრობის წევრი არ არის, რომელსაც პომპეზურობა ვითომ რომ არ უყვართ? ამათ რომ მართლა რამე ქონდეთ გასახსნელი და ლენტი გასაჭრელი, წარმომიდგენია რას იზამენ", – ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე, დავით გოგისვანიძე.
"ნაციონალების" განმარტებით, ახლანდელი ხელისუფლება მათ შეცდომებს იმეორებს, რის გამოც, მათივე თქმით, ხალხის რისხვა არ აცდებათ.
"მე არ დავდივარ დაპირებების გასაცემად. ამ შეხვედრებით გავეცანი მოსახლეობის პრობლემებს. მინდა გითხრათ, რომ არ მეგონა თუ ამდენი პრობლემა იქნებოდა ქუთაისში. მე არ დავარღვევ კანონს. თუკი ვინმეს გონია, რომ მერობა მხოლოდ კაბინეტში ჯდომაა, ეს ასე არ არის," – ასე პასუხობს ოპონენტებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, შოთა მურღულია.
ავტორი: თეკლე მორგოშია