|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თვითმარქვია კომპანიის აფიორა ქუთაისის მერიის სახელით

"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გოგი წულაია ქუთაისის მერიას უმოქმედობაში ადანაშაულებს. წულაია ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს, ბოლო პერიოდში, ქუთაისში მღრღნელების წინააღმდეგ სადეზიფექციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის საქმიანობის კანონიერების თაობაზე ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდოს. როგორც გოგი წულაია ამბობს, შპს "ბრიგადა" მოსახლეობისგან სადეზიფექციო სამუშაოების ჩატარებისთვის მოსაკრებელს, 1 ან 1,5 ლარს იღებს და მათი საქმიანობა ეჭვებს იწვევს.

"დარწმუნებული ვარ მერიაში სააღდგომოდ პრემიების მისაღებად ემზადებიან. პრემიების დარიგებას ურჩვენიათ საქმე აკეთონ და ნუ მისცემენ ადამიანებს თაღლითების ბადეში გაბმის საშუალებას," - აცხადებს გოგი წულაია.

ქუთაისის მერიის დასუფთავების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, თამაზ დეისაძე აცახდებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობას მერიისთვის არ მიუმართავს. დეისაძე ადგილობრივებს აფრთხილებს, შპს "ბრიგადის" წარმომადგენლებს სადეზიფექციო სამუშაოების მოსაკრებელი არ გადაუხადონ.

"ეს არის თვითმარქვია კომპანია, რომელიც არავითარ სამუშაოებს არ ასრულებს," - აცხადებს თამაზ დეისაძე.

ქუთაისის მერიის დასუფთავების განყოფილებაში აცხადებენ, რომ ქალაქში სადეზიფექციო სამუშაოებს შპს "ქუთაისის პროფილაქტიკური დეზიფექციის სადგური" ასრულებს, რომელმაც მიმდინარე წლის თებერვალში 34 000 ლარად შეფასებულ ტენდერში გაიმარჯვა. ფირმა სადეზიფექციო სამუშაოებს ქუთაისში 1 წლის განმავლობაში შეასრულებს.  

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, შპს "ბრიგადა" 2014 წლის 4 თებერვალს, ასპინძის რაიონში დარეგისტრირდა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი 1992 წელს დაბადებული ნოდარ ნარიმანიძეა.

 აღნიშნულ პიროვნებასთან newpress.ge შეეცადა ტელეფონით დაკავშირებას, თუმცა ნარიმანიძის ტელეფონი გამორთული აქვს.

ავტორი: დეა მანაგაძე