|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრი მოეწყობა

ქუთაისში ახალი ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრის მოწყობა დავითი და კონსტანტინეს ქუჩაზე N 3- ში მდებარე სამსართულიან შენობაში იგეგმება.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მტკიცებით, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის  შენობა წინამორბედისაგან განსხვავებით, ქალაქში ჩამოსულ ტურისტებს მომსახურების  სრულფასოვან სერვისებს შესთავაზებს.

აღნიშნულის შესახებ newpress.ge - სთან ქუთაისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინვესტიციების მართვის სამსახურის  მთავარი სპეციალისტი, კონსტანტინე ჭარხალაშვილი საუბრობს.

"შენობა რეაბილიტაცია-მოწყობას საჭიროებს, რომლის განხორციელებაც სავარაუდოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდგომ მოხდება. ცენტრი იმუშავებს 24 საათის განმავლობაში და ტურისტი მისთვის საჭირო ინფორმაციას ნებისმიერ დროს მიიღებს. განსაზღვრული იქნება სასტუმრო ოთახებიც ტურისტებისთვის, რომელიც კეთილმოწყობილი იქნება," - ამბობს კონსტანტინე ჭარხალაშვილი.

მისივე თქმით, ქუთაისში არსებული ტურიზმის საინფორმაციო სახლის ყოფილი შენობა სამარცხვინოა, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დღემდე დგას.

"არ შეიძლება ქალაქს არ ჰქონდეს ტურისტის მისაღები სახლი. ტურისტები  ტანსაცმელს მერიის შენობაში იხდიან. რა უნდა ქუთაისში ისეთ საინფორმაციო ცენტრს, რომელიც სიცხეში დნება, ფანჯრები და კარები არა აქვს და ინგრევა," - განმარტავს ჭარხალაშვილი.

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ყოფილი შენობა ამორტიზებული და  გაუქმებულია, თუმცა  შენობა დღემდე ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში დგას.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ყოფილი შენობის აღება, ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დამდგარა.

ავტორი: ანა ჯანაშია