|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შოთა მურღულიას ნეპოტიზმში ადანაშაულებენ

ქუთაისის მერიიდან რეგორგანიოზაციის შედეგად გათავისუფლებულმა თამანშრომელმა "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატს, შოთა მურღულიას ბრალდებები წაუყენა.

მერი კახიანის ერთ–ერთი ბრალდება მურღულიას მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება. კახიანის თქმით, მურღულიას მერის მოვალეობის შემსრულებლობის პერიოდში, ნეპოტიზმის უპრეცედენტო ფაქტი დაფიქსირდა. საუბარია, შოთა მურღულიას მამაზე, ლევან მურღულიაზე, რომელიც მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობას ასრულებს.
"მურღულიამ დაარღვია კანონი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ. მას თანამდებობაზე დანიშვნისთანავე უნდა გაეთავისუფლებია მისი  მამა დაკავებული თანამდებობიდან. თუმცა, ლევან მურღულია დღემდე მერიაში მუშაობს. ნეპოტიზმის ამგვარი ფაქტი წინა ხელისუფლების დროსაც კი არ დაფიქსირებულა ქუთაისის მერიაში," – აცხადებს მერი კახიანი.
აღნიშნულ ბრალდებაზე ქუთაისის იურიდიულ სამსახურში განმარტავენ, რომ ლევან მუღულია მერიაში 2009 წლიდან მუშაობს, ხოლო შოთა მურღულია კი ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად 2013 წლის ნოემბერში დაინიშნა.
"ლევან მურღულია პროფესიონალი კადრია. იგი მონაწილეობდა ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილეობისთვის კონკურსში. თუმცა, მას მერე, რაც მისი შვილი დაინიშნა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად, ლევან მურღულიამ უარი განაცხადა კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე და რჩება სამსახურის რიგით თანამშრომლად. მას სრული უფლება აქვს აღნიშნულ პოსტზე მუშაობის, რაც სამართლებრივ დარღვევას არ წარმოადგენს," – განმარტავს მერიის იურისტი, ირაკლი გიორგაძე.      

ავტორი: დეა მანაგაძე