|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხელოვნების ცენტრი პარლამენტს მოუწოდებს თეატრებშიც გაიღოს კარი დემოკრატიისთვის

ხელოვნების ცენტრი განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს "თეატრების შესახებ კანონის“ იმგვარად შეცვლას, რომ დაბალანსდეს  კულტურის სამინისტროს, სამხატვრო ხელმძღვანელის, სამხატვრო საბჭოსა და შემოქმედებითი დასის უფლება-მოვალეობები.

"ხელოვნების ცენტრი მიესალმება განათლებისა და კულტურის კომიტეტის მიერ "თეატრების შესახებ კანონში“ ინიცირებული ცვლილებების მხარდაჭერას.

ცენტრი მიიჩნევს, რომ არსებული სახით კანონი ხელს უწყობს თეატრებში ბატონ-ყმური, ზოგან კი  პატრონ-ყმული  დამოკიდებულებების არსებობას, სადაც შემოქმედებით პროცესში სრულად იგნორირებულია მსახიობთა ინიციატივები.

ცენტრი შეშფოთებულია ცვლილებებზე მსჯელობის იმ ხისტი მიუღებლობით, რომელიც  ერთის მხრივ კულტურის სამინისტროსა და მეორეს მხრივ, რეჟისორთა ნაწილის მხრიდან გამოიხატა.  არა თუ ცვლილებების, არამედ ცვლილებებზე მსჯელობის ასეთი მიუღებლობა ადასტურებს, რომ კულტურის სამინისტრო -  სარეკომენდაციო საბჭოს სახით და რეჟისორთა ჯგუფი ურთიერთდაკავშირებულნი და ურთიერთდამოკიდებულნი არიან, და მათი ეს კავშირი იდეაშიც კი არ უშვებს თეატრების სამხატვრო საბჭოსა და თეატრალური დასების თანამონაწილებას შემოქმედებით პროცესში.

არსებული ფორმით თეატრების მართვა დამყარებულია სრულ დისბალანსზე, სწორედ ამიტომ თეატრებში უმეტესად სახეზე გავქვს ერთპიროვნული გადაწყვეტილებები.

ერთპიროვნულმა მართვამ  წლების განმავლობაში პოლიტიკურად მართვადიც კი გახადა თეატრების საქმიანობა. სუსტია, მეტიც რეალურად არ არსებობს, როგორც პროგრამული ისე ფინანსური საქმიანობის შიდა კონტროლის მექანიზმები, რასაც თეატრების განვითარებისთვის სავალალო შედეგები მოაქვს.

ხელოვნების ცენტრი მოუწოდებს პარლამენტს კანონის იმგვარად შეცვლას, რომ დაბალანსდეს  კულტურის სამინისტროს, სამხატვრო ხელმძღვანელის, სამხატვრო საბჭოსა და შემოქმედებითი დასის უფლება-მოვალეობები, რომ თეატრებშიც გაიღოს კარი დემოკრატიისთვის," - ნათქვამია ხელოვნების ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი: ნიუპრესი