შესაძლებელი იყო თუ არა დარიალის ხეობის ტრაგედიის თავიდან აცილება - რა წერია გეოლოგის გამაფრთხილებელ წერილში
დარიალის ხეობაში მთა მოწყდა, რამაც მდინარე თერგის დაგუბება გამოიწვია. ხეობაში მოსახლეობისა და მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.
მთის მასის ქვეშ მოყოლილი ადამიანებიდან მაშველებმა 15-მდე
მათგანი ცოცხალი ამოიყვანეს. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას სამი თურქი მუშის დაღუპვის შესახებ, ეს ფაქტი ოფიციალურად არ დასტურდება.
შესაძლებელი იყო თუ არა დარიალის ხეობის ტრაგედიის თავიდან აცილება, კითხვა აქტუალურია. ტერიტორია, სადაც "დარიალიჰესის" მშენებლობა
მიმდინარეობდა, არ იყო შესწავლილი არც ჰიდროლოგიური და არც გეოლოგიური თვალსაზრისით. ამის შესახებ BPN-თან საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" ხელმძღვანელმა, მანანა ქოჩლაძემ განაცხადა.
მშენებლობის წინააღმდეგია გეოლოგი იაგო კაზალიკაშვილიც, რომელიც ჯერ კიდევ 2 წლის
წინ მის მოსაზრებებს სოციალურ ქსელ Facebook-ზე აქვეყნებდა. Ambebi.ge გთავაზობთ
იაგო კაზალიკაშვილის ჩანაწერს, რომელიც მან 2012 წლის
თებერვალში გამოაქვეყნა.
Facebook/
იაგო კაზალიკაშვილი:
"ინტერნეტში შემთხვევით ვნახე ლარსი (დარიალ) ჰესის პროექტი, გამოქვეყნებული ენერგეტიკის სამინისტროს მიერ, რის გამოც თავი მოვალედ ჩავთვალე გამემხილა ჩემი ხედვა.
ძირითადად ჩამაფიქრა სალექარის მდებარეობამ, რომელიც მდ. ყუროს და თერგის შესართავთანაა დაგეგმილი.
თავად დაბა სტეფანწმინდა მდ. ყუროსა და მის სამხრეთით მდებარე ორი ხევის მიერ შექმნილ გამოზიდვის კონუსზე მდებარეობს.
დაბა სტეფანწმინდიდან ჩრდილოეთით, მდ.თერგს ერთმანეთისგან 200-300 მეტრის
დაშორებით მარჯვნიდან მდ. ყურო ერთვის, მარცხნიდან - მდ. ჩხერი. მათი შეერთების ადგილი მძლავრი კონგლომერატების წარმოქმნით გამოირჩევა. ორი მდინარის მიერ გამოტანილი ნაშალი მასალის ტრანსპორტირება - თერგის ფუნქციაა. ამასთან, პალეოგეოგრაფიულ
პერიოდში, თერგი ვერ ასწრებდა რა ყუროსა და ჩხერის მიერ წარმოქმნილი ნაშალის გატანას, წარმოიქმნა ვაკე ჭალები სტეფანწმინდიდან
სიონის და სნოს ხეობის მიმართულებით.
ყურო-ჩხერის თერგთან შეერთების შემდეგ კი სტეფანწმინდიდან
დარიალის მიმართულებით მდ. თერგის მკვეთრი ვარდნა - სწორედ ამ მდინარეთა მიერ შექმნილი დაგროვილი ინერტული მასალის შედეგია.
ამით იმის თქმა მინდა, რომ მდ. თერგი ვერ უზრუნველყოფს ნალექის სწრაფად ტრანსპორტირებას. ანუ, იმდენად დიდია ყუროსა და ჩხერის მიერ ჩამოტანილი ნალექი, რომ თერგი გატანას ვერ ახერხებს.
სტეფანწმინდელები
თითქმის ყოველდღე უყურებენ და უსმენენ, განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში, მწვერვალ ყუროდან წამოსულ ქვის ზვავებს, რომელიც გამოფიტვის შედეგად (ფიზიკური და ა.შ) წარმოიქმნება. აღნიშნული ზვავებით ჩამოტანილი ქვა-ღორღი გროვდება მდ. ყუროს ვიწრო ხეობაში, მდინარე კი ასე თუ ისე ტრანსპორტირებას უკეთებს ნაშალ მასალას მდ. თერგისაკენ. თერგი თავის მხრივ წმინდავს ყუროს მიერ მოტანილ მასალას და დარიალისაკენ მიაქვს იგი. ზაფხულის ცხელ დღეებში, მყინვართა დნობისას, მდ.ყურო ზვავების მიერ დაგროვილ მასალას განსაკუთრებით ინტენსიურად ჟღინთავს წყლით, გადააქცევს ღვარ-ცოფად და სელური ნაკადის სახით მიაქანებს მდ. თერგისაკენ. ყუროს მიერ წარმოქნილი სელური ნაკადი გზად ყველაფერს ანადგურებს, მის მიერ ერთ ჯერად ჩამოტანილი მასალა ასეულობით კუბურ მეტრს შეადგენს, რამდენიმეჯერ თერგიც გადაუკეტავს.
ყუროდან სელური ნაკადების გამოსვლა წელიწადში რამოდენიმეჯერ ხდება!
ყურო-თერგის ბუნებრივი ბალანსი ძალზე მგრძნობიარეა და დღეისთვის, ასე თუ ისე შენარჩუნებულია!
რუკაზე ნაჩვენებია სალექარის მდებარეობა რომელიც ღვარცოფული მდ. ყუროსა და თერგის შესართავთანაა. ჩემი აზრით (თუ ვინმემ მომისმინა), ყოვლად
დაუშვებელია მანდ რაიმე მშენებლობის წარმოება! და აი რატომ:
1. აღნიშნულ ადგილას სალექარის მოწყობის შემდეგ მდ.თერგი რომელიც ტრანსპორტირებას უწევს თავისი მრავალრიცხოვანი შენაკადებიდან წამოღებულ მასალას, დაგროვდება ყუროს და ჩხერის შესართავებთან, რაც გამოიწვევს თერგის კალაპოტის აწევას ათეული მერტობით! (სამაგალითოდ იხ. მდ.არაგვის ჭალები სოფ ანანურთან!).
2. ღვარცოფული მდ. ყურო თავის ჩამოტანილ მასალას ვეღარ გაატანს თერგს, იგი დაგროვდება, გამოავსებს ისედაც ვიწრო ყუროს ხეობას, რის შედეგადაც დაბა სტეფანწმინდა საფრთხის წინაშე აღმოჩნდება!
3. მდ. ჩხერიც იგივეს იზამს რასაც ყურო! (მაგალითისთვის იხ. არაგვის ხეობა მლეთასთან ლომისის მიდამოები).
გარდა ამისა თუ წყალი მთლიანად შეუშვეს გვირაბში სტეფანწმინდიდან გველეთამდე, ჩემი აზრით, ისედაც მწირ ბუნებრივ საფარსაც საფრთხე შეექმნება და აი რატომ: ხეობაში დაშრება წყალი, რომელიც თავის მხრივ აერაციის ზონასა და გრუნტის წყლის დონის ცვალებადობას გამოიწვევს. დონის ცვალებადობის შედეგად - ბუნებრივი საფარი გაქრება.
თუ ვინმეს გედარდებათ ეს ყველაფერი ხმა ამოიღეთ!!!! თავის დროზე, სწორედ აღნიშნულ ადგილას, დიდი კაშხლის მშენებლობა კომუნისტებს ნიკო კეცხოველმა შეაჩერებინა.
იაგო კაზალიკაშვილი
გეოლოგი
სტეფანწმინდა".
ავტორი: ნიუპრესი