ირაკლი ღარიბაშვილს შავი ქამრის და სამურაის ხმლის ტარების უფლება მიენიჭა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელმა კახა ბასილიამ, მსოფლიო კარატეს ფედერაციის გადაწყვეტილებით მესამე დანი, შავი ქამარი და დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა.
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, პრემიერი ფედერაციას სტუმრობდა, რომლის ფარგლებში ქართული კარატეს წარმატებებს, სამომავლო გეგმებსა და მიზნებს გაეცნო.
"საქართველოს კარატეს ეროვნულ ფედერაციას კიდევ ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი გამოუჩნდა - პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ის ჩვენი დიდი ქომაგია ჯერ კიდევ შსს-ს მინისტრობის დროიდან. დღესაც, შსს-ს თანამშრომელი ჩვენი აღზრდილი სპორტსმენები, ღირსეულად იცავენ უწყებისა და საქართველოს სახელს მსოფლიო ტატამზე და არაერთი ოქრო-ვერცხლი აქვთ მოპოვებული. საბედნიეროდ, პრემიერ-მინისტრის მხრიდან არ შეწყვეტილა ქართული კარატესა და ჩვენი ყველაზე ეროვნული პროექტის - "მებრძოლი სულის აღორძინება საქართველოში - კარატე ჯანსაღი მომავლის სამსახურში" მხარდაჭერა, რომელიც მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება. უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი ირაკლი მსოფლიოში მეორე პრემიერ-მინისტრია რეჯეფ თაიფ ერდოღანის შემდეგ, რომელსაც ესოდენ დიდი საპატიო წოდება მიანიჭა კარატეს მსოფლიო ფედერაციამ - შავი ქამარი და სამურაის ხმლის - კატანას ტარების უფლება", - განაცხადა კახა ბასილიამ.
მისივე განმარტებით, კარატეს ეროვნული ფედერაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიასთან შეთანხმდა, რომ აღნიშნულ რეგიონში კარატე სავალდებულო საგნად შევა სკოლებში.
ავტორი: ნიუპრესი