საპატრიარქო ილია II-ის გადადგომის თაობაზე ინფორმაციას უარყოფს
დღეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უხელმძღვანელებს. სხდომაზე განსახილველი საკითხები უცნობია.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პატრიარქი წმინდა სინოდის სხდომას გადადგომის შესახებ მიმართავს.
"სინოდის სხდომა ნამდვილად იქნება, მაგრამ საკითხი, რომელსაც ავრცელებენ, თითქოს პატრიარქი აპირებს განცხადების გაკეთებას გადადგომის შესახებ, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. სირცხვილია ასეთი თემებით სპეკულირება. არ ვიცი, ეს ადამიანები რა გასართობს ნახულობენ ამაში. თუ თვლიან, რომ სერიოზული სააგენტოები არიან, ჯერ საპატრიარქოსთან უნდა გადაამოწმონ ინფორმაცია და ამის შემდეგ შეიძლება დადონ საკუთარ საიტზე ასეთი ინფორმაციები. არასერიოზულია მათი განცხადებები და საპატრიარქოს მხრიდან ისინი ყურადღებასაც არ იმსახურებენ", _ დასძინა მამა მიქაელმა.
წმინდა სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ იმართება: გაზაფხულზე და შემოდგომაზე, სადაც ეკლესიისთვის მნივნელოვან საკითხებს განიხილავენ. წელს სინოდის სხდომა პირველად იმართება. ბოლო სხდომა 11 ოქტომბერს ჩატარდა და, სხვა საკითხებთან ერთად, ახლად შექმნილ ეპარქიებში შვიდი ახალი მღვდელმთავარი დაადგინა.
ავტორი: ნიუპრესი