|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

5 მილიონი ლარის ახალი სანომრე ნიშანი გაიცა

მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან დღემდე, მომსახურების სააგენტოს მიერ, 65 ათასამდე ფასიანი და ე.წ. უფასო სანომრე ნიშანი გაიცა. მომსახურების სააგენტოში ზუსტ თანხას, რომელიც ამ გზით ქვეყნის ბიუჯეტში შევიდა, არ აკონკრეტებენ. თუმცა, უხეში გათვლებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ერთი სერიული სანომრე ნიშნის აღება მინიმუმ 70 ლარი ღირს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში, 5 მილიონ ლარამდე შევიდა.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ სანომრე ნიშნების ფასი განსხვავებულია და 70 ლარიდან იწყება. სასურველი კომბინაციით შერჩეული (მაგ: G I O R G I) სანომრე ნიშნების ფასი 10 ათასი ლარია, ხოლო სანომრე ნიშნებში სასურველი სიმბოლოების (მაგ: AA 77 AA, DA 777 TO) გამოყენება 1000 ლარამდე ღირს. მომსახურების სააგენტოში განმარატვენ, რომ ამ შემთხვევაში სანომრე ნიშნის ფასი ელექტრონულად ითვლება და ეს მხოლოდ კომბინაციაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება სერიულ სანომრე ნიშნებს (მაგ: FN 063 NF) მათი ღირებულება 70 ლარია, რაც სანომრე ნიშნის დამზადების 35 ლარსა და ახალი სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის საფასურს, ასევე 35 ლარს აერთიანებს).

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ახალი სანომრე ნიშნების გაცემა მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან დაიწყო. 

აღსანიშნავია, რომ ძველ სახელმწიფო სანომრე ნიშნებს იურიდიული ძალა 2020 წლის 1 სექტემბრამდე უნარჩუნდებათ, თუმცა მანქანის ყიდვის შემთხვევაში ე.წ. უფასო ნომრები ახალ მანქანაზე ვერ გადავა და ახალი სანომრე ნიშნის აღება სავალდებულო იქნება. რაც შეეხება ფასიან სანომრე ნიშნევს, მათი სხვა ავტომობილზე გადატანა 2020 წლის 1 სექტემბერამდე იქნება შესაძლებელი იმ შემთხვევაში, თუ ნომერი არ არის დაზიანებული და სხვა მანქანაზე დაყენებასაც ექვემდებარება.

commersant.ge

ავტორი: ნიუპრესი