|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარკირებიდან ქუთაისის ბიუჯეტში მხოლოდ 30 000 ლარი შევიდა

 ქუთაისის თვითმმართველობა პარკირებას რენტაბელურ ბიზნესად თვლის, თუმცა ოთხჯერ გამოცხადებული აუქციონი სწორედ მაღალი ღირებულებისა და 274 ადგილის ერთ ლოტად გატანის  გამო ჩაიშალა. ამავდროულად, ქალაქის მერი კატეგორიულად გამორიცხავდა პარკირების ადგილებზე დაწესებული თანხის - 660 000 ლარის შემცირებას. შოთა მურღულიას განცხადებით, აღნიშნული თანხა ქალაქის პირობებში ნორმალურია და დაინტერესებული პირი  ამ ბიზნესით სარგებელსაც ნახავს. მიუხედავად მერი განცხადებისა, ამ დრომდე პარკირების ბიზნესით არავინ დაინტერესებულა.

ჩაშლილი აუქციონების გამო მერიამ მანქანების გაჩერების ადგილების ზედამხედველობისთვის მუნიციპალური საწარმოს შექმნა დააანონსა, რომელიც მერიას დაქვემდებარება. თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება შპს-ს შექმნას არ ჩქარობს და აცხადებს, რომ დაინტერესების შეთხვევაში, აუქციონს, ამჯერად შემცირებული თანხით, მორიგ ჯერზეც გამოაცხადებს.

„ნიუპრესი“  დაინტერესდა, ახალი შპს-ს ჩამოსაყალიბებლად რა სამუშაოებია დაწყებული და როგორ იფუნქციონირებს ის. როგორც ქალაქის  მერის მოადგილემ, კონსტანტინე ქავთარაძემ აღნიშნა, თუ ორ თვეში დაინტერესებული პირი არ გამოჩნდება, სექტემბრიდან ახალი საწარმოს შექმნა დაიწყება. ამ დროისთვის კი მის ბიუჯეტსა და თანამშრომელთა რაოდენობაზე ინფორმაცია არ არსებობს.

თუ ორ თვეში  დაინტერესებული პირი არ გამოჩნდება, შემდეგ ჩამოვაყალიბებთ ახალ შპს-ს, რომელიც მერიის დაქემდებარებაში იქნება.  მას განესაზღვრება დებულება, რომელიც მომზადდება პარკირების წესების და ნორმატივების შესაბამისად. უნდა დაიწეროს ამ  შპს-ს გრძელვადიანი  მოქმედების ბიზნესგეგმა. შედგება ბიუჯეტი, რის შემდეგაც დაიწყება ტექნიკური სამუშაოები, მოეწყობა  ინფრასტრუქტურა. თანამშრომლების რაოდენობა ჯერ არ ვიცით.  იქნება საბარათე სისტემა, პირველ ჯერზე მოხდება მანქანების დაბლოკვა, განმეორების შემთვევაში კი საჯარიმოზე გადაყვანა“,-განაცხადა კონსტანტინე ქავთარაძემ.

შპს-ს დაფუძნებისთანავე ავტომატურად გაწყდება ხელშეკრულებები იმ კომპანიებთან, რომლებიც დღეს პარკირების მოსაკრებელს იღებენ. ამ კომპანიების მიერ ბიუჯეტში ექვსი თვის მანძილზე მიზერული თანხა, 30 000 ლარი შევიდა. პარკირების ბიზნესი არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი, მერს მოუწოდებდნენ, დაედგინათ სად მიდიოდა პარკირებისგან აკრებილი „შავი ფული“.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა