|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ზესტაფონში პროექტები გოგი ქავთარაძის გამო არ შეჩერებულა"

"ის ფაქტი, რომ გოგი ქავთარაძე რაიონის გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეზე  განაწყენებულია, არანაირად არ აფერხებს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას“, -აცხადებს ზესტაფონის საკრებულოს  თავმჯდომარე დავით მაღრაძე. ის კომენტარს ზესტაფონის საკრებულოს წევრის გივი თუთბერიძის  განცხადებაზე აკეთებს, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ ზესტაფონში მაჟორიტარისა და გამგებლის დაპირისპირების გამო რაიონი ზარალდება.

"არცერთი პროექტი ზესტაფონში შეჩერებული არ არის, გარდა ერთისა. ეს არის  მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დაფინანსებული - ზესტაფონის ორი დიდი უბნის წყლით მომარაგების პროექტი. ის თვითონ შემსრულებელმა კომპანიამ დაიწუნა, რის შემდეგაც მასში  კორექტივები შევიდა.  როგორც ჩვენ ვიცით,  ამ პროექტის განხორციელება ცოტა ხანში დაიწყება. მის გამო შეჩერდა ორ ქუჩის მოსაპირკეთბელი  სამუშაოებიც, რომელიც განახლდება წყალგაყვანილობის  სისტემის  დასრულების შემდეგ“ - განაცხადა  დავით მაღრაძემ. მისი თქმით, ამჟამად ზესტაფონში სამი საბავშვო  ბაღის მშენებლობა  და ასევე რეგიონალური განვითარების რამდენიმე  პროექტი მიმდინარეობს.

 რაც შეეხება ზესტაფონის თეატრს, მაღრაძის თქმით,  თეატრი მართლაც სავალალო მდგომარეობაშია. ბოლო რემონტი იქ გასული საუკუნის 80-იან წლებში გაკეთდა. „თეატრის  რეაბილიტაცია მომდევნო წლისთვის არის ჩადებული რეგიონალური განვითარების პროექტში და ვფიქრობთ, რომ ამას ხელს არაფერი შეუშლის“,-განაცხადა ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარემ.

რაც შეეხება მაჟორიტართან დაპირისპირების საკითხს, მაღრაძე აღნიშნავს, რომ დეპუტატი მათზე განაწყენებული, როგორც თავად ტელეეთერით აღნიშნა, „მისი კადრის“- დასუფთავების სერვის ცენტრის ყოფილი უფროსის, მურმან ნებიერიძის დაკავების გამოა.  სასამართლო ნებიერიძის საქმეზე ჯერ არ გამართულა.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა