|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჯეოსელი“, „მაგთიკომი“ და „ბილაინი“ 95 ათასი ლარით დაზარალდნენ

შსს-მ თბილისსა და ბათუმში  ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1967 წელს დაბადებული შერიფ ბ. კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლისა და მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ბრალდებით დააკავეს, ხოლო ამავე დანაშაულზე საქართველოს მოქალაქეს, 1989 წელს დაბადებულ გიორგი ბ-ს ბრალი წაუყენეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ შერიფ ბ-მ და გიორგი ბ-მ კომპიუტერული მოწყობილობა ე.წ. სიმ ბოქსი შეიძინეს. აღნიშნულ კომპიუტერულ მოწყობილობაში, რომელშიც ინტერნეტ ტრაფიკის მეშვეობით საერთაშორისო ზარები შედიოდა, ბრალდებულები ათავსებდნენ შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომის“ და შპს „ბილაინის“ სიმ-ბარათებს. სიმ-ბარათების მეშვეობით ინტერნეტ ტრაფიკით მიღებული ზარები გარდაიქმნებოდა და საბოლოო ობიექტთან ხორციელდებოდა, როგორც შიდა ანუ ლოკალური ზარი. ე.წ. სიმ ბოქსი ზარის მიმღებს აწვდიდა იმ ნომრის მონაცემებს, რომლებიც სიმ ბოქსში იყო მოთავსებული და არა რეალურად ზარის წამომწყების ნომერს. შეცვლილი კომპიუტერული მონაცემების შედეგად, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები საერთაშორისო ზარების მომსახურების კანონით დადგენილი ქვედა ზღვრული ტარიფის ნაცვლად იღებდნენ გაცილებით ნაკლებს - ლოკალური ზარებისთვის განსაზღვრულ მინიმალურ თანხებს. ბრალდებულებმა ჩადენილი ქმედებით შპს „ჯეოსელს“, შპს „მაგთიკომს“ და შპს „ბილაინს“ ჯამში 95 ათასი ლარის ოდენობის ზარალი მიაყენეს. სამართალდამცველებმა ბათუმში, შერიფ ბ-ს საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: ე.წ. სიმ ბოქსი, შპს „ჯეოსელის“, შპს „მობიტელისა“ და შპს „მაგთიკომის“ 5000 ცალი სიმ-ბარათი, თანხის დაუფლების ამსახველი დოკუმენტაცია და სხვა ჩანაწერები. პოლიციამ თბილისში, გიორგი ბ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ე.წ. სიმ ბოქსი და სიმ-ბარათები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება მიმდინარეობს კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლისა და მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია 

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა