|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ კიდევ 3 საჩივარი განიხილა

დღეს, ქუთაისის #59–ე საოლქო საარჩევნო კომისიამ სამი საჩივარი განიხილა. სამივე "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის მიერ იყო შესული საოლქო კომისიაში. საჩივრების განხილვას კომისიის სრული შემადგენლობა (13 წევრი) ესწრებოდა.

სამი საჩივრიდან საოლქომ სრულად არცერთი არ დააკმაყოფილა.

საიას ქუთაისის ფილიალის დამკვირვებლის პირველი საჩივარი ქუთაისის #105 საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევას შეეხებოდა. რომლის მიხედვით, კენჭისყრის დროს, ამომრჩეველს კაბინიდან გამოსვლის შემდეგ, სადამკვირვებლო ორგანიზაცია "დემოკრატიული ქსელის" წარმომადგენელმა ბიულეტენი ხელიდან წაართვა და ნახა ვის მისცა ხმა.

საია აღნიშნული უბნის თავმჯდომარის დისციპლინარული პასუხიმგებლობის დაკისრებას და სამაკვირვებლო ორგანიზაციის მიმართ გარკვეული პასუხიმგებლობის დაკისრებას ითხოვდა, თუმცა საოლქო კომისიამ პირველი  მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით, მხოლოდ სადამკვირვებლო ორგანიზაციას გაეგვზანება სარეკომენდაციო წერილი არაკვალიფიციური დამკვირვებლის გამო. რადგან კომისიის სხდომაზე, ჩანაწერთა წიგნის გახნის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კომისიის თავმჯდომარეს ჩანაწერი გაკეთებული ქონდა.

„ჩვენ არ ვეთანხმებით საოლქოს გადაწყვეტილებას. რადგან ერთია რომ დამკვირვებელმა დაარღვია ამომრჩევლის უფლება. მაგრამ, კომისიას შეეძლო მაშინვე გამოეძევებინა ის დამკვირვებელი, რაც არ გააკეთეს“ – აცხადებს საიას ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორი, ნოდარ ჯიქია.

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ, ასევე, ნაწილობრივ დააკმაყოფილა საიას მეორე საჩივარი, რომელიც #110 საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტს ეხება.

საჩივრის მიხედვით, ხმის დათვლის პროცესში აღმოჩნდა, რომ კონვერტში ბიულეტენის ნაცვლად ორი ცალი გაურკვევლი ფურცელი იყო ჩაგდებული. სიას დამკვირვებლს კი არ მიეცა შესაძლებლობა აღნიშნული ფაქტის გამო ჩანაწერთა წიგნში განეხორციელებინა ჩანაწერი. საიას დამკვირვებელი  თავისი საჩივრით, საუბნო კომისიის თავმჯდომარის, მდივნის და ყუთზე ზედამხედველი პირის მიმართ პასუხიმგებლობის დაკისრებას ითხოვდა. თუმცა, საოლქოს გადაწყვტილებით, მხოლოდ მდივანს მიეცა გაფრთხილება.

არ დაკმაყოფილდა საიას მესამე განცხადება–საჩივარი, რომელიც #127–ე საარჩევნო უბანზე ლუქის ნომრების არევის ფაქტს ეხებოდა, რის გამოც საია უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდა. კერძოდ, ყუთზე არსებული ლუქის ნომერი არ ემთხვეოდა მიღება–ჩაბარების აქტში არსებულ ნომრებს.

თუმცა, საჩივრის განხილვის პროცესში, ჩანაწერთა წიგნის გახსნი შემდეგ, გაირკვა, რომ ყუთზე არსებული ლუქის ნომერი ემთხვეოდა ჩანაწერთა წიგნში არსებულ ნომრებს.

საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ლუქის ნომერთად დაკავშირებით იყო ტექნიკური ხარვეზი, მოხდა ნომრების არევა, რაც არ არის უბნის ბათილად ცნობის საფუძველი.

„ამ უბანზე თუ არეულია ნომრები, ფაქტია, რომ სხვა უბანზეც აღმოჩნდება მსგავსი.  ამას პრევენციული ხასიათი უნდა ქონდეს, რომ შემდგომში მიექცეს ყურადღება ლუქის ნომერების გაცემის პროცესს. ჩვენი მოთხოვნაა, შედეგები ისე არ იქნეს შეჯამებული, ვიდრე არ იქნება ყველა ჩანაწერთა წიგნი გახსნილი და განხილული ყველა ის საჩივარი, რომლებიც ჩანაწერთა წიგნშია დატოვებული,“ – აცხადებს ნოდარ ჯიქია.

დღესვე, საოლქო საარჩევნო კომისიამ, დღის წესრიგში არსებული საკითხების გარდა, დამატებით განიხილა კიდევ ერთი საკითხი. საუბარი ეხება ქუთაისის #57–ე საარჩევნო უბანზე დაკარგულ მაჟორიტარების შეუვსებელ შემაჯამებელ ოქმს, რის გამოც უბანზე მაჟორიტარული ხმები შემაჯამებელ ოქმში ვეღარ მოხვდა.

საოლქო კომისიის სხდომაზე #57–ე საარჩევნო უბნის თამჯდომარემ და წევრებმა განმარტეს, რომ მათ არ იციან სად გაქრა ცარიელი შემაჯამებელი ოქმი. თუმცა იმის გამო, რომ უბანზე მიღებულ მაჟორიტარული ხმების შედგებს კომისიის ყველა წევრი დაეთანხმა, საოქლო კომისიამ ხმები არ გააბათილა.

სამაგიეროდ, საუბნო კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს საყვედური მისცეს, კომისიის წევრებს კი შენიშვნა.

„საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად არ მიიღება. დღეს რაიმე მნიშვნელოვანი საჩივარი არ ყოფილა. შემოსული საჩივრების მიხედვით მინდა ვთქვა, რომ როგორც კომისიის წევრების პროფესიონალიზმი, ასევე, დამკვირვებლის პროფესიონალიზმი საჭიროებს გაზრდას,“ – აცხადებს  ქუთაისის #59–ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი.

ამ დროისთვის ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას უკვე 15 საჩივარი აქვს განხილული.

საოლქო კომისია საჩივრების განხილვას ხვალ, 4 ოქტომბერს, 15:00 საათზე განაახლებს.

ავტორი: თეა ზიბზიბაძე