"რა ხდება, კომუნიზმში გვაბრუნებთ?!"
ქუთაისის მერიამ შპს „პარკინგსერვისი" დაარსა. მერია ქალაქში არსებულ პარკირების ადგილებს მის მიერვე დაფუძნებულ შპს-ს გადასცემს. ამის შესახებ დღეს საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი, სადაც პარკირებასთან დაკავშირებული საკითხები კიდევ ერთხელ გახდა კამათის საგანი.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის დავით გოგისვანიძის თქმით, თუ ასე გაგრძელდა, ქალაქში კონკურენცია აღარ იარსებებს. „რამდენიმე ხნის წინ "ტორპედო", ასე ვთქვათ, გადავეცით ხალხს, ახლა პარკირება უნდა გადავცეთ "ხალხს"- რა ხდება, კომუნისტურ ეპოქაში გვაბრუნებთ?!",- იკითხა მან. დეპუტატი ასევე დაინტერესდა, სად მიდიოდა აქამდე პარკირებიდან აღებული თანხა.
"მართალია, ამ კუთხით შემოსავლების მიღება ვერ მოხერხდა, მაგრამ 272 ადგილი გადაეცემა კომპანიას, რომელიც იმოქმედებს წესების მიხედვით",- აღნიშნა კონსტანტინე ქავთარაძემ.
პარკირების წესების დამრღვევის მიმართ გატარდება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციები. კონსტანტინე ქვათარაძის განმარტებით, საჯარიმო სადგომზე ავტომანქანის გადაყვანა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ავტომანქანა აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საავარიო სიტუაციას ქმნის.
შეგახსენებთ, ქუთაისში ტენდერი პარკირების შესახებ სამჯერ გამოცხადდა. პირველად თანხა 683 ათასი იყო, მეორედ 630 ათასი, მესამედ გამოცხადებულ ტენდერში თანხა და პირობები არ შეცვლილა, თუმცა დაინტერესება კომპანიებს არ გამოუთქვამთ. ამ ხნის განმავლობაში ქალაქში პარკირებიდან შემოსული თანხა ბიუჯეტში არ ასახულა.
ავტორი: ანა ჯიქია





16:29
18:25
15:07
12:11
















