|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წერეთლის უნივერსიტეტის ლექტორები კორუფციულ გარიგებებზე ალაპარაკდნენ

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები უნივერსიტეტის რექტორს გიორგი  ღავთაძეს მოთხვნას უყენებენ. მათი განცხადებით,  2010 წლის მარტში ჩატარებული კონკურსის შედეგები უნდა გაუქმდეს.

„მოვითხოვთ, გაუქმდეს 2010 წლის კონკურსის შედგები,  რადგან, ეს კონკურსი ჩატარდა გაუმჭვირვალედ. შედეგად, უნივერსიტეტში მიღებული იქნა ლექტორები არა ცოდნის და ხარისხის მიხედვით, არამედ, ნაცნობობითა და კორუფციული გარიგებებით“, - განაცხდა უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორმა ბადრი ფორჩხიძემ.

როგორც ფორჩხიძე ამბობს, კონკურსის შედეგად, მოხდა მისი,  როგორც პროფესორის დაკნინება. „რადგან, კონკურსამდე  ვიყავი ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის დეპარტამენტის დოქტორი. ახლა კი მხოლოდ ფილოსოფიის დოქტორი ვარ. გამიფორმეს კაბალური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სასწავლებელში მაშინ მიმიწვევენ, როცა მათ გაუხარდებათ. ეს არის ადამიანის დაცინვა და პროფესორის ღირსების შეურაცხყოფა “, - აცხადებს ბადრი ფორჩხიძე.

ფორჩხიძის მოთხოვნას, ასევე, უერთდებიან: ბადრი ზიბზიბაძე - უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსი, ტარიელ მოდებაზე - დოქტორი, მანქანათმშენებლობის  ტექნიკის მთავარი  სპეციალისტი, რამაზ ნამიჭეიშვილი  - ეკონომიკის დოქტორი უნივერსიტეტში, თენგიზ სარალიძე - ფილოსოფიის დოქტორი, თამაზ ურიადმყოფელი -მანქანათმშენებლობის დეპარტამენტის მოწვეული სპეციალისტი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,  ნინო ოქროჭელიძე - ფიზიკის  დეპარტამენტის ლექტორი და მალხაზ მებურიშვილი უნივერსიტეტის პროფესორი.

„გვინდა, დაგვიბრუნდეს ის ღირსება და პატივი, რომელიც აქამდე გვქონდა ლექტორ–მასწავლებლებს. ვთვლით, რომ საკონკურსო კომისის  წევრებს  არ გააჩნიათ კანდიდატთა  შესაფების მკაფიო კრიტერიუმები, რადგან არაკომპეტენტურები არიან“, - აღნიშნავს  თამაზ ურიადმყოფელი. 

უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლების განცხადებით, განათლების სისტემაში  მიმდინარე ღია სამეცნიერო კონკურსების ბედი წინასწარაა გადაწყვეტლი. „ბედი გადაწყვეტილია რექტორის მხრიდან, რადგან ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებებს“, - აცხადებენ ლექტორ-მასწავლებლები.

შეკითხვაზე, რატომ არ მოხდა 2010 წლის კონკურსის შედეგების გასაჩივრება ამდრომდე, ლექტორ–მასწავლებლების თქმით: „მაშინ აზრი არ ჰქონდა. ახლა მთავრობაში მოვიდა კანონიერი ძალა, რომელიც ბოლოს მოუღებს ასეთ უმსგავსობებს“ - ამბობს ბადრი ფორჩხიძე. 

„შეუძლებელია იმ კონკურსის შედეგების გაუქმება, რომელიც ორი წლის წინ  ჩატრად. ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მე მთხოვენ იმ კონკურსის შედეგების  ბათილად  ცნობას,  რომელიც ჩემს დროს არ ჩატარებულა“, - ამბობს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე.

გიორგი ღავთაძე  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად  2010 წლის სექტემბერში დაინიშნა, ხოლო ზემოთ აღნიშნული  კონკურსი 2010 წლის მარტში ჩატადა.

რაც შეეხება, კორუფციულ გარიგებებს  და  უნივერსიტეტში  ნაცნობობის პრინციპით კადრების  მიღებას, ღავთაზე ამბობს, რომ: „შეუძლებელია ადამიანმა მე კორუფციულ გარიგებებში დამდოს ბრალი. თუკი ვინმეს აინტერსებს ეს საკითხი, შეუძლია ამაზე გამოძიება ჩაატაროს. რაც შეეხება, ნაცნობობის საკითხს, ჩვენ ვერთიანდებით საერთო  იდეის  გარშემო და ამ პრინციპით გვყავს თანამშრომლები. თუმცა, იმის გამო, რომ ქუთაისი პატარა ქალაქია, ყველა ყველას იცნობს და ერთმანეთის ნაცნობია“ - ამბობს ღავთაძე.

უნივერსიტეტებში ლექტორ-მასწავლებების შერჩევა კონკურსის მეთოდით, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2006 წელს დაიწყო. კონკურსი ლექტორებისთვის ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება.

ავტორი: თეკლა მორგოშია