პროკურატურამ "პიჯაკის საქმეზე" ბრალდებულების პატიმრობა მოითხოვა
"პიჯაკის საქმედ" წოდებული სასამართლო პროცესი საბოლოო ფაზაში შედის. პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. მოსამართლეს დასკვნითი სიტყვით უკვე მიმართა პროკურატურამ და განსასჯელების დაპატიმრება ხულიგნობისა და ცემის მუხლებით ითხოვა.
სახელმწიფო ბრალდება ითხოვს თითოეულ მათგანს განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის რესოციალიზაციას.
"თავისუფალი ზონისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების: ნიკოლოზ ნარსიას, მირიან დეისაძისა და კახაბერ გაბუნიას მიმართ პროკურატურის მოთხოვნას, შერჩევითი სამართლით ხსნის საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე. როგორც მან "ნიუპრესთან" საუბარში განაცხადა, პროკურატურის მოთხოვნა დასტურია იმისა, რომ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი მოქმედებს.
"სასამართლო პროცესი დასასრულისკენ მიდის. ბოლო პროცესზე პროკურატურამ მიმართა მოსამართლეს დასკვნითი სიტყვით და მომხდარის გამო ბიჭების დაკავება ითხოვა. არც ველოდებოდით გამამართლებელ განაჩენს. ვფიქრობდით ჯარიმას, მაგრამ პატიმრობის მოთხოვნა მეტისმეტია. მიკროფონის გავარდნისა და დეპუტატის შეჩერების გამო ადამიანებს პატიმრობა ემუქრებათ. არარსებული ბრალდებები წარადგინა პროკურატურამ, რომლის მიხედვითაც ნიკოლოზ ნარსიას სამმეტრიანი ხელი უნდა ჰქონდეს, მაგრამ კორცხელის და აეროპორტის ამბების მერე არაფერი გვიკვირს. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, მოსამართლე არ გახდება ბრმა იარაღი პროკურატურის და არ გამოიტანს პატიმრობის განაჩენს. ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმია, რომელსაც სურს ყველაფერი თავისი ჰქონდეს, ხეც, სასამრთლოც, პროკურატურაც, მედიაც და ქვეყანაც, მაგრამ ქართველი ხალხი მის მმართველობას 8 ოქტომბერს დაასრულებს", –განაცხადა გია თევდორაძემ.
შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"–ის მხარდასაჭერ აქციაზე დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფისა და პიჯაკის დაზიანების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, რომლებიც რამდენიმე თვის შემდეგ ხელმოწერების, მათ შორის ლორთქიფანიძის ხელმოწერის საფუძველზე გირაოთი გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესები კი გრძელდება. თუ მოითხოვა პროკურატურამ პატიმრობა, ამის შესახებ ლორთქიფანიძეს პასუხი არ აქვს.
„რაც შეეხება, პროკურატურას, თუ რატომ ითხოვს დაკავებას, ეს არის პროკურატურის პოზიცია და ეს მან უნდა განმარტოს. ადამიანები, რომლებიც თავისი ცხოვრების წესით არ არიან მიდრეკილი კრიმინალისკენ, რა თქმა უნდა, მე არავის ვუსურვებ საპატიმროში მოხვედრას,“ - განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.
მომდევნო სასამართლო პროცესის დაახლოებით თვენახევარში გაიმათება.
(ფოტო -არქივიდან)
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















