ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის თბილისური წარმატება
ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა თბილისში კონცერტი გამართა. ქუთაისელებმა გუშინ გრიბოდოების თეატრში შეკრებილ მაყურებელს არაერთი ნომერი წარუდგინეს. კონცერტმა ოვაციების და აღიარების ფონზე ჩაიარა.
როგორც ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი შოთა ჯიშკარიანი "ნიუპრესთან" განმარტავს, სახელმწიფო ანსამბლმა თბილისში ერთგვარი ანგარიში წარადგინა.
"ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლმა დედაქალაქში ანგარიში წარადგინა, რომ იცოდნენ, როგორ მუშაობენ ანსამბლები რეგიონებში. წარმოვადგინეთ ჩვენი ნაშრომი, საათი და 40 წუთი ვიდექით სცენაზე, შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. მგონი, მოწონება დაიმსახურა და ქუთაისი გუშინ თავის სიმაღლეზე იდგა", –განაცხადა შოთა ჯიშკარიანმა.
კონცერტს სუხიშვილების ანსამბლის ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი დაესწრო. მან ქუთაისელი შემოქმედების მუშაობა წარმატებულად შეაფასა და დიდი ასპარეზი უსურვა.
"კონცერტს სხვა მაყურებლებთან ერთად ესწრებოდა ილიკო სუხიშვილი. კოლეგიალობას რომ თავი დავანებოთ, ის ჩემი მეგობარია. მოვიდა კონცერტის დასრულების შემდეგ, ორიოდე სიტყვა გვითხრა და ეს საკმარისო იყო. გვითხრა, "სასურველი იქნებოდა, მეტი არეალი გქონოდათ, დიდ სცენაზე ყოფილიყავით და ყველაფერი გაცილებით კარგი იქნებოდა". არასოდეს ვეჯიბრები და ვბაძავ სხვას, ჩემი მოწოდებაა: ცუდი იყოს, მაგრამ შენი, თუ გინდა ხალხმა ტაში დაგიკრას, ასე უნდა იმუშაო, არავის უნდა გაყვე, ამან მოიგო გუშინ. ამდენ ანსამბლში გამორჩეული უნდა იყო და ამას შენი განსხვავებობით უნდა ეცადოს.
ზოგადად, მინდა შევეხო ფილარმონიის პრობლემას, ისეთი ფასებია, ვერ ვახერხებთ კონცერტი ჩავატაროთ. არ შეიძლება, ქართველი შემსრულებლებისთვის შეღავათი დაწესდეს და ისეთი თანხა იყოს, რომ შევძლოთ გადახდა? ჩვენ ქუთაისის თვითმმართველობა დაგვეხმარა, უზრუნველყო ჩვენი მგზავრობა და სასტუმროს ხარჯები. დიდი მადლობა მათ, ასევე აღსანიშნავია ანსამბლის ხელმძღვანელის ქალბატონი ზეინაბ ბურჯანაძის ღვაწლი და დამსახურება ანსამბლის წინაშე, მადლობა მას!", – განაცხადა შოთა ჯიშკარიანმა.
ქორეოგრაფის თქმით, ანსამბლი საზაფხულო დასვენების შემდეგ სექტემბრიდან განახლებული ძალებით დაბრუნდება და გეგმავს კონცერტებს როგორც ქვეყანაში, ასვეე მის ფარგლებს გარეთაც.
ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ქალაქის ბალანსზეა და წლებია, ქართული სიმღერის და ცეკვის განვითარებას აქტიურად ემსახურება.

ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















