ქუთაისის მერიის შპს-ს პროკურატურაში უჩივიან
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციამ ქუთაისის მერიის შპს-ს წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა. ორგანიზაცია „პარკინგსერვისის“ საქმიანობის გამოძიებას ითხოვს.
გოგი წულაიას განცხადებით, 2016 წელს „პარკინგსერვისმა“ დაგეგმილი 460 000 ლარის ნაცვლად ბიუჯეტში 166 762 ლარი შეიტანა. თუმცა შპს-მ 700 ათას ლარის მობილიზაცია მოახდინა. ამის გამო გოგი წულაია შპს-ს ხელმძღვანელობას თანხების გაფლანგვაში სდებს ბრალს.
„პარკინგსერვისი“ რომ შეიქმნა, მერიამ 400 000 ლარი გადაურიცხა პირველადი სამუშაოებისათის, ეს თანხა კომპანიას უკან უნდა დაებრუნებინა შემოსავლებით. გასულ წელს 460 000 ლარის ნაცვლად, შპს-მ 161 762 ლარი შეიტანა მერიაში. სად წავიდა დანარჩენი თანხა, ვის ოჯახის რემონტს მოხმარდა? მივმართავ მერიას, დაინტერესდეს ამ საკითხით და ისედაც გაჭირვებულ მოქალაქეებს ნუ ძარცვავენ. დღეს ამ საკითხის გამოსაძიებლად ასევე მივმართეთ პროკურატურას“-განაცხადა წულაიამ.
მერიის შპს, რომელიც ქალაქში პარკირებას აკონტროლებს, 2015 წელს შეიქმნა, მუშაობა 2016 წელს დაიწყო.
"პარკინგსერვისში" აცხადებენ, რომ გასულ წელს კომპანიამ მოგების გარეშე იმუშავა, რადგან შეგროვებული თანხა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდა, რის გამოც როგორც "პარკინგსერვისის" პრესსამსახურის წარმომადგენელი მირანდა წივწივაძე განმარტავს, ბიუჯეტში 460 ათასი ლარის ნაცვლად 166 762 ლარი შეიტანეს.
"ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, რომელიც დღესაც მიმდინარეობს, კომპანიას მოგება არ დარჩა. აქედან გამომდინარე, ბიუჯეტში ვალდებულებით გათვალისწინებული თანხის შეტანა ვერ მოხერხდა, თუმცა, რა თქმა უნდა, მომავალ წლებში შევიტანთ იმ თანხას, რაც არის გათვალისწინებული",- განაცხადა მირანდა წივწივაძემ.
მისივე თქმით, კომპანიაში შემოსული თანხის ნაწილი ხელფასებსა და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გადანაწილდა.
ოფიციალური დოკუმენტაციით ირკვევა, რომ 2016 წელს "პარკინგსერვისის" შემოსავალმა 590 512 ლარი შეადგინა, ამას გარდა ჯარიმებიდან კომპანიას 166 761 ლარი შეუვიდა. ხელფასის სახით გაცემულია 300 ათასი ლარი.
აღსანიშნავია, რომ "პარკინგსერვისში" სულ 39 თანამშრომელია დასაქმებული.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















